პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველია.
პრემიერს ჟურნალისტებმა ინვესტიციების სტატისტიკაზე ჰკითხეს. საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 902 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია.
საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში „სტაბილურობის კუნძულია“. მისივე თქმით, ყველაფერი გაკეთდება მეტი ინვესტიციის მოსაზიდად.
„გვაქვს ეკონომიკური ზრდის ძალიან მაღალი ტემპი. ბოლო სამი წლის საშუალო ზრდა გვქონდა 9.7%. მიმდინარე წელსაც, პირველი ორი კვარტალის მონაცემებს თუ ავიღებთ, 9% არის ეკონომიკური ზრდა, რაც არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონსა და ევროპაში. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა არის ერთგვარი მშვიდობის კუნძული ძალიან რთულ რეგიონში. ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და რა თქმა უნდა, ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი ინვესტორებისთვის. ჩვენი ქვეყანა მიმზიდველია ინვესტიციებისთვის. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, გვაქვს ძალიან ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი, რა თქმა უნდა, ესეც ქმნის კარგ გარემოს, რომ ქვეყანაში ინვესტიციები შემოვიდეს. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საინვესტიციო ნაკადები საქართველოში, ამისთვის ყველაფერი გაკეთდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა გახდეს კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.