ჩვენ უკვე გადავდივართ სხვანაირ სტრატეგიაზე. გამოწვევა მიღებულია და ჩვენ უკვე ვცვლით იმ სტრატეგიას, რომლითაც ვმოქმედებდით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გაცვლითი კურსი კვლავ იქნება მცურავი, რადგან მცურავი გაცვლითი კურსი არის ყველაზე კარგი საშუალება, რათა ეს შოკი გადავიტანოთ.
„ მიუხედავად ამისა ჩვენ უფრო ხშირად გამოვჩნდებით ბაზარზე. ჩვენ უფრო ხშირად საჭიროების მიხედვით გავყიდით აუქციონებზე სავალუტო რეზერვებს და ამავე დროს სხვა არხითაც ვაჭრობებზე გამოვჩნდებით, იმისათვის რომ დიდი მერყეობა ლარის კურსის დავაბალანსოთ. ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მაშინ როდესაც უმრავლესი ვალუტები მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში უფასურდება, ეროვნულმა ბანკმა რომ დაიცვას ეს კურსი, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა თავის კონკურენტუნარიანობას მთლიანად დაკარგავს. მისი პროდუქცია გასაღებადი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ იქნება.
აქედან გამომდინარე გარკვეული კორექცია აქედანაც უნდა მოხდეს.
შეუძლებელია ამხელა შოკის გადატანა ისე, რომ რაღაც ცვლილება არ მოხდეს. ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილება მოხდა. პიკი რაც იყო გადატანილია და ახლა ჩამოვედით, როგორც მოგეხსენებათ. მაგრამ რადგანაც ამ დროს ნორმალურად არ ფუნქციონირებს სავალუტო ბაზარი, ჩვენ მივაწოდებთ საკმარის ლიკვიდობას, როგორც დოლარში ასევე ლარში.
ეს არის ერთი ნაწილი, მეორე კი არის ფასები.
ჩვენ როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გვქონდა, ძალიან რთული გადასაწყვეტი იყო რადგანაც ფაქტორები არის რომლებიც ორი მხრიდან მოქმედებენ ფასების საერთო დონეზე. ეს არის ფაქტორები როლებიც გვეუბნებიან, რომ თუ ასე წავიდა ინფლაცია გაცილებით მაღალი იქნება და თუ მეორე მხრივ წამოვიდა, შეიძლება საერთოდ დეფლაციაში გადავიდეთ. თუ ეკონომიკური აქტივობა დიდხანს არ გაგრძელდა, მოთხოვნა ძალიან შემცირდება და აქედან გამომდინარე ფასების ვარდნა გვექნება. ჩვენ არ გვინდა არც ძალიან დიდი, რომ მაღალი ინფლაცია იყოს და არც ძალიან დაბალი“, – განაცხადა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, სწორი პოლიტიკის შედეგად ინფლაცია დაახლოებით წელიწადნახევარში შემცირდება და მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.




























