სანქციების დაწესება არ გვინდა, თუმცა მათ ვიყენებთ ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებისა და შეთანხმებების საფუძველზე, რომლებსაც საქართველომ თავად მოაწერა ხელი, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
ფიშერის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციები მომავალშიც გამოყენებული იქნება.
„არ გვინდა სანქციების დაწესება, მაგრამ ჩვენ ვიყენებთ სანქციებს მსოფლიოს მასშტაბით ადამიანის უნივერსალური უფლებების სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების შეთანხმებების საფუძველზე, რომლებსაც საქართველომ თავად მოაწერა ხელი, მათ შორის, გაერო-ს, ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებების ქარტიებს. ჩვენ უკვე გამოვიყენეთ სანქციები ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და ამას მომავალშიც გავაკეთებთ, თუ საჭირო იქნება“, – განაცხადა ფიშერმა.
ელჩმა ასევე თქვა, რომ არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია და რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეესაბამება უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს.
„საქართველომ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. ევროკავშირი იმართება წერილობითი წესებით. ყველაფერი ბევრჯერ არის ჩაწერილი. არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია და რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებას და არ შეესაბამება უვიზო რეჟიმის მოთხოვნებს. არსებობს კანონები, რომლებიც მიღებულია აქ და რომლებიც ზღუდავენ უმცირესობებს და არ შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ვფიქრობ, ეს არის წერილის ძირითადი შინაარსი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.




























