„ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად, კარგად, ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლებრივ ჩარჩოებში“, – ამის შესახებ „ვისოლ ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა.
TV პირველთან საუბრისას ფხაკაძემ ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესი არის ეკონომიკის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ნებისმიერი განხილვა კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა წარიმართოს.
„ყველაფერი არის ძალიან ნორმალურად, კარგად, ჩვენ ვაკეთებთ ბიზნესს წესიერად, სამართლიანად, სამართლებრივ ჩარჩოებში. ასე ვაკეთებდით ყოველთვის და გავაკეთებთ მომავალში. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას. ერთი რამ ვიცი, ბიზნესია ის, რაც ზრდის ეკონომიკას და ძლიერი ეკონომიკის გარეშე არცერთი ქვეყანა არ იქნება წარმატებული“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
სოსო ფხაკაძემ ასევე უპასუხა მთავრობის ადმინისტრაციაში, 21 იანვარს "ფასების კომისიის" წარმომადგენლებთან პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლების შეხვედრასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას და განმარტა, რომ აღნიშნული შეხვედრა არ ყოფილა „დაბარება“.
„ეს იყო შეხვედრა, ჩემი აზრით, ძალიან კონსტრუქციული და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ორიოდე სიტყვა ვთქვით. თემა უკვე პარლამენტში გადავიდა და მე ვიცი, რომ იქაც იქნება პროფესიული და კონსტრუქციული განხილვები. რაიმე გართულებას ვერანაირად ვერ ვხედავ“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის არსებულ დიდ სხვაობას მნიშვნელოვნად განაპირობებს დისტრიბუციული კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სურსათის ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო, ხოლო 2026 წლის 5 იანვარს შეიქმნა სამთავრობო საკოორდინაციო კომისია. 20 იანვარს გამართულ პირველ შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომ კომისია იმუშავებს სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით და მუშაობას, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ პარლამენტშიც შეიქმნა ფასების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის პირველი სამუშაო შეხვედრა ხვალ, 11 თებერვალსაა დაგეგმილი.




























