"ჩვენ ვდგავართ და კვლავაც ვიდგებით ჩვენი მოქალაქეების გვერდით და მოვითხოვთ კანონის დაუყოვნებლივ გაუქმებას!", - ამის შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელში კომპანია Georgia’s Environmental Outlook (GEO) ავრცელებს, რომელიც საქართველოში ეფექტური გარემოსდაცვითი მმართველობისა და ინკლუზიური მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ასევე საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას უზრუნველყოფს.
"დღეს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით ხელისუფლებამ ხალხის ნების საწინააღმდეგოდ გადადგა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის უკიდურესად დამაზიანებელი ნაბიჯი. თავისი შინაარსითა და მიზნებით ეს კანონი საბჭოთა წარსულში გვაბრუნებს.
კანონი, რომელიც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობის მკაფიოდ გაცხადებულ ევროპულ არჩევანთან, ვერ იქნება ლეგიტიმური. GEO-ს გუნდი კანონპროექტის ინიციირების დღიდან გმობს ხელისუფლების დამაზიანებელ ქმედებას საქართველოს ევროპული მომავლისა და დემოკრატიის გზაზე. ჩვენ ვდგავართ და კვლავაც ვიდგებით ჩვენი მოქალაქეების გვერდით და მოვითხოვთ კანონის დაუყოვნებლივ გაუქმებას!",- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.