მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი - პაპუაშვილი ჰელსინკის კომისიის განხილვაზე

პაპუაშილი

ძალიან მძიმე სანახაობა იყო, ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გუშინ ჰელსინკის კომისიის განხილვა, რომელშიც მონაწილეობა ნატალია საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ მიიღეს.

პაპუაშვილმა საბანაძეს და ჩხიკვაძეს 21-ე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეები უწოდა, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვებით, მათ საკუთარი სამშობლო სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დაასმინეს.

"ჩვენ ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნების დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ, ჩუმად ჩაიპარებოდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა დაებეზღებინათ სხვა ქვეყნის მმართველებთან და მიეღოთ მხარდაჭერა იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის წინაშე გაელაშქრათ. დღეს, 21-ე საუკუნეში, ეს ყველაფერი, ვხედავთ, რომ ღია ეთერში ხდება და ეს, რა თქმა უნდა, დარჩება ისტორიაში, როგორც უდიდესი ღალატის შემთხვევა.

სერგო ორჯონიკიძეებს ამ ხალხს ჩვენ ადრეც ვეძახდით, მაგრამ დღეს პირდაპირ დაგვანახვეს ამით, რომ მათი სრული ბუნება არის სერგო ორჯონიკიძის, როგორც ის შემოუძღვა მეთერთმეტე არმიას საქართველოში, ასე უნდათ, შემოუძღვნენ საქართველოში სანქციებს, თუ რაღაც დასჯებს და ამისთვის ჩადიან სხვა ქვეყნის დედაქალაქში, რათა საკუთარი ქვეყანა დააბეზღონ, მოითხოვონ საკუთარი ოპონენტების შვილების დასჯა. ალბათ, ისტორიაში რომ ვკითხულობდით, მაშინ გვახსოვს, რა ემოციები გვქონდა იმ შემთხვევებზე, რომლებიც საუკუნეების წინ მოხდა და ეს ხდება დღეს, ჩვენს თვალწინ, პირდაპირ ეთერში - ორი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ღალატობს საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხი ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები