კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") განიხილავენ. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობს.
უილსონმა განაცხადა, რომ ის მიესალმება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსული კანონის მიღების გამო ქართული ოცნების წევრების მიმართ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს, თუმცა მისი თქმით უფრო მეტი არის საჭირო საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერის მიზნით, რასაც MEGOBARI Act-ი ითვალისწინებს.
უილსონმა სხდომის გამხსნელი სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ MEGOBARI Act-ის მიზანია სანქციები დაუწესდეთ მათ ვინც საქართველოს დემოკრატიის ძირგამომთხრელი საქმიანობით არის დაკავებული.
"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპელ კოლეგებს ძალიან ძლიერი, მყარი ურთიერთობა გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეებთან. სამწუხაროდ, მოხდა ამ ღირებულებებზე შეტევა მმართველი პარტიის ქართული ოცნების მხრიდან, რომელსაც მართავს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. ქართულმა ოცნებამ დაგმო ყოველმხრივი ევროპული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის, მიიღო უცხოელი აგენტების კანონი და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი და მმართველმა პარტიამ უარყო საზოგადოების აზრი. ეს კანონი ახორციელებს სტიგმატიზებას და ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და ახშობს საპირისპირო აზრის გამოთქმას. ეს გახლავთ მხოლოდ აისბერგის ზედა თავი. სხვა საკანონმდებლო ცვლილებებიც, როგორიცაა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, სასამართლოს კონტროლის თვალსაზრისით.
ასევე, ხდება ოპოზიციის ოფისების დარბევა. საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს და სხვა ავტორიტარულ მმართველებს, მიუხედავად იმისა, რომ პუტინის მხრიდან საქართველოს 20%-ია ოკუპირებული. აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება. საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე. საქართველოს ხელისუფლება პუტინის რუსეთთან ერთად აღრმავებს პარტნიორობას კომუნისტურ ჩინეთთან, რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ერთ-ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტი გადაეცა ჩინეთის თავდაცვის ძალებთან ახლოს აფილირებულ კომპანიას. შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მისცეს საშუალება, რომ მოხდეს შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე, მის ევროატლანტიკურ მომავალზე, რომ ამას პასუხი არ გაეცეს.
მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით, ნებისმიერ პიროვნებასთან მიმართებით, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას. MEGOBARI Act-ის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებთან და სენატის წევრებთან ერთად, კონგრესმენებთან ერთად უნდა მოხდეს სავიზო შეზღუდვების, სანქციების დაწესება იმათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ასევე, ვინც ახორციელებს რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს ძალისხმევა საქართველოში წამყვან პირებთან არის დაკავშირებული. საჭიროა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს არჩევნებამდე საქართველოში.
MEGOBARI Act-ის კანონპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ, სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომლებიც საჭიროა დამყარდეს აშშ-საქართველოს შორის. აქ იგულისხმება დახმარების პაკეტებიც, თუ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს. მნიშვნელოვანია, ვანახოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოსახლეობას. MEGOBARI Act არის ძალიან ძლიერი აქტი და მივესალმებით ასევე Freedom House-ის პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ამ ძალიან რთულ მდგომარეობაზე, რომელიც საქართველოში არის შექმნილი", - განაცხადა ჯო უილსონმა