Silk Hospitality თბილისში ახალი სასტუმროს “ტელეგრაფის” მშენებლობაზე მუშაობას აგრძელებს. როგორც “საქმიანი დილის“ ეთერში, რუბრიკაში „ინვესტიციების დროა“ Silk Hospitality-ის უფროსმა კომერციულმა ოფიცერმა, კენტ კუპერმა განაცხადა, “ტელეგრაფი” ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების შემოსვლას.
„ახალ პროექტზე ვფიქრობთ, რომელიც აშენდება. ეს არის თბილისში "ტელეგრაფის" სასტუმრო. ეს მთელი ბაზრის დინამიკას აიღებს ხელში. ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სასტუმრო საქართველოში, რაც შემოსავალზეც აისახება“, - აღნიშნა კენტ კუპერმა. მისივე თქმით, „სილქ ჯგუფი“ ბაზრის ძირითად ინდიკატორებს აანალიზებს, რის მიხედვითაც აფასებს ქვეყანაში პერსპექტივას.
„ჩვენ უნდა შევაფასოთ ბაზარი, ძირითადი ინდიკატორები. თბილისში წინა წელს 1000-მდე ოთახი დაემატა ბაზარს, თქვენ ხედავთ, რომ მოთხოვნა კიდევ არსებობს. ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ განსაკუთრებული ზრდა შეიძლება გვქონდეს თბილისში“, - განაცხადა მან.
გარდა თბილისისა, „სილქ ჯგუფი“ ქვეყნის სხვა რეგიონებშიც მუდმივად ეძებს პოტენციალს.
„საკმაოდ დიდ პოტენციალს ვხედავთ საქართველოში. ყველა რეგიონს ვიკვლევთ, რადგან რაც ხდება თბილისში, ეს მოთხოვნა ვრცელდება სხვაგანაც. თუ ბათუმს შევხედავთ, ვნახავთ რამდენი ფრენა აქვთ მაგალითად, დუბაიდან და ყოველ ზაფხულს იზრდება ფრენების რაოდენობა, ეს ჩვენი ინტერესიცაა“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, სასტუმრო „ტელეგრაფი“ ყოფილი ცენტრალური ფოსტის შენობაში განთავსდება. როგორც გასულ წელს, „სილქ დეველოპმენტის“ ბიზნეს დეველოპმენტის დირექტორმა გიორგი კაპანაძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, აშენდება 240-ნომრიანი სასტუმრო, რომლის ჯამური ინვესტიცია $70 მლნ-ია.