მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ საუბრისას აღნიშნა, ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ქალაქებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის.

„ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ამ ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ქალაქებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, წინასწარ განისაზღვრება კვოტები ქალაქებისთვის იმაზე, თუ რომელმა რამდენი სტუდენტი უნდა მიიღოს.

"ჩვენ გვექნება განსაზღვრული დაკვეთა, ამის მიხედვით განისაზღვრება კვოტები, რომლებიც გადანაწილდება უნივერსიტეტებზე და დაფინანსებას მიიღებენ კონკრეტული უნივერსიტეტები, მათ შორის, გეოგრაფიული განაწილების გათვალისწინებით. სახელმწიფოს ექნება ამოცანა, რომ ქუთაისში მიიღოს, პირობითად, ჯამში, 30 000 სტუდენტი და ამის მიხედვით განისაზღვრება კვოტები და კვოტებთან ერთად დაფინანსებაც. ამას დაემატება ის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში იქნება უზრუნველყოფილი სრულიად თანამედროვე, გამართული ინფრასტრუქტურა, სადაც სტუდენტებისთვის სწავლა იქნება არათუ მისაღები, არამედ პირიქით, ერთგვარი სტუდენტური სამოთხე გვინდა ჩვენ შევქმნათ სტუდენტებისთვის,“- განაცხადა მან.

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები