საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ინვესტორთა საბჭოს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი, არასრულწლოვანთა დანაშაულებები და მათი პრევენცია იყო.
როგორც BM.GE-სთან საუბრისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განმარტა, წლების განმავლობაში ეს საკითხი გამოწვევად რჩევა, მისი პრევენციის კუთხით კი ხელისუფლებისა და ბიზნესის ხედვები ერთმანეთს ემთხვევა.
„არასრულწლოვანთა დანაშაულებებზე სამართალდამცავი უწყებები სათანადო რეაგირებას ვერ ახდენენ. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი და მთავრობის შეფასებები ემთხვევა და აღმზრდელობითი სახლების მოწყობის საკითხზე ვფიქრობთ, სადაც რესოციალიზაციისთვის უფრო მეტი კომუნიკაცია იქნება ამ ადამიანებთან. ყველა ვხვდებით, რომ ეს ბავშვები შეიძლება გარკვეული ჯგუფების ნაწილი იყვნენ, ვინც ამ ტიპის დანაშაულს მიზანმიმართულად ამუშავებენ და იციან, რომ დაუსჯელები დარჩებიან. ამიტომ მათი იზოლაცია ამ ჯგუფებიდან და მათთან მუშაობ შეიძლება პოზიტიური შედეგი მოგვცეს.
ამას სჭირდება საკანონმდებლო ბაზა, რომ შეიქმნას აღმზრდელობითი დაწესებულებები. იმედი გვაქვს, იუსტიციის სამინისტრო ამაზე კარგად იმუშავებს. იუსტიციის სამინისტრო ჩვენთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
არასრულწლოვანი დამნაშავებიისთვის სპეციალური სახლების შექმნის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 20 მარტს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატით წარდგენისას ისაუბრა. მისი თქმით, დამნაშავე არასრულწლოვნებისთვის, რომლებიც პასუხისმგებლობის ქვედა ზღვარს 14 წელს მიუღწეველი არიან სახელმწიფო სპეციალურ სახლებს ააშენებს, საიდან გამოსვლაც მხოლოდ მოსამართლის თანხმობით იქნება შესაძლებელი.