„ეკონომიკურად რუსეთზე თითქმის 20%-ით ვართ დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკის 20% კვდება“ - ამის შესახებ BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკა“-ში სტუმრობისას ICC Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრმა, მარიამ აბუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოცემულობა ძალიან საშიშია, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთს ეს დამოკიდებულება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არაერთხელ გამოუყენებია.
მარიამ აბუაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, საქართველომ სხვადასხვა ინდუსტრია განავითაროს და დივერსიფიცირებული ეკონომიკა შექმნას.
„რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად მთავარია ნება. როდესაც არის სურვილი, მაშინ გზებიც და შესაძლებლობებიც მოიძებნება. კერძო სექტორი მარტო ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება, ხელისუფლების დახმარებაა საჭირო. გარდა ამისა, საჭიროა დივერსიფიკაცია. ტურიზმი ჩვენთვის ყველაფერია, რაც ასე არ უნდა იყოს, განსაკუთრებით ამ მოცემულობაში. მნიშვნელოვანია, საქართველოში სხვა ინდუსტრიებიც განვითარდეს. თუ ჩვენ ძლიერ ეკონომიკას ავაშენებთ, რუსეთზე დამოკიდებულება შემცირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე განათლებაში ინვესტირება, ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, მათი განვითარებისა და გაძლიერების ხელშეწყობა“, - აცხადებს მარიამ აბუაშვილი.
როგორც ICC Georgia-ს დირექტორთა საბჭოს წევრი აღნიშნავს, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად მნიშვნელოვანია, საქართველოსადმი უცხოელი ინვესტორების ინტერესი მაქსიმალურად გაიზარდოს, რისი მიღწევაც EU-ს 12 რეკომენდაციის შესრულებითაა შესაძლებელი.
„თუ 12 პუნქტს შევასრულებთ, მაშინ უცხოელ ინვესტორებს ვაჩვენებთ, რომ ვიმსახურებთ, მათი ინტერესი კვლავ ჩვენკენ იყოს მომართული. გეოგრაფიულად თუ პოლიტიკურად საქართველო ინვესტორებისთვის ძალიან საინტერესოა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის. ჩვენ მათ ისეთი პირობები უნდა შევუქმნათ, აქ ჩამოსვლისა და ინვესტიციების განხორციელების არ შეეშინდეთ. ამ ქვეყანაში მათ თავი უსაფრთხოდ და კომფორტულად უნდა იგრძნონ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ კაპიტალს არ დაკარგავენ. ამავე დროს, უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი სასამართლოთი არიან დაცულები.
თუ არ შეგვიძლია სრულად დამოუკიდებლები გავხდეთ რუსეთის ბაზრისგან, ინტერდამოკიდებულები მაინც ვიყოთ, რომ პროცენტები თანაბრად განაწილდეს და რომელიღაც ქვეყანას ყველაზე დიდი წილი არ ეჭიროს“, - განაცხადა აბუაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ასეთია: 2003 (16%), 2012 (9.1%) და 2022 (18.3%).