პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) განახლებული პროგნოზები მთავრობის ეკონომიკური გუნდის ეფექტიანი პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ფართო რეგიონსა და მთლიანად ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება და ასევე პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების (უკრაინა და მოლდოვა) მაჩვენებლებს აჭარბებს.
ამასთან, პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა პროგნოზირებულზე მაღალიც იქნება.
"განახლებული პროგნოზის მიხედვით, 2024 წელს საქართველოს ექნება ფართო რეგიონში და მთლიანად ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. ასევე, საშუალოვადიან პერიოდში, 2024-2029 წლებში ჩვენს ქვეყანას ანალოგიურად ექნება, ფართო რეგიონსა და ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც, რა თქმა უნდა, ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ჩვენი ეკონომიკური გუნდი ახორციელებს და კიდევ ერთხელ მინდა ამისთვის თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ.
რაც შეეხება წლევანდელ პროგნოზს, 2.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება 2024-2029 წლის მაჩვენებლებს, ამ შემთხვევაში დაახლოებით 1.6-ჯერ აღემატება ჩვენი პროგნოზი იმ პროგნოზს, რომლებიც სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის არის გათვალისწინებული. ჩვენი ამოცანაა, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ეს ტემპი, ჩვენ ყოველთვის გადაჭარბებით ვასრულებდით ხოლმე იმ პროგნოზს, რომელსაც წარადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. აქაც დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა იქნება იმაზე მაღალიც კი, ვიდრე არის პროგნოზირებული. ამისთვის გაწერილი გვაქვს ძალიან კარგად გააზრებული პროგრამა, რომლის მიხედვითაც 2028 წლისთვის 130 მილიარდ ლარს გადააჭარბებს ქვეყნის ეკონომიკა. ამისთვის არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამები, კონკრეტული პროექტები და დარწმუნებული ვართ, ამ მიზანს წარმატებით შევასრულებთ“,- განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. ახალი პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 5.74%-ის ნაცვლად 7.55%-ით გაიზრდება. შესაბამისად, სავალუტო ფონდი საქართველოში 1.81 პროცენტით უფრო მაღალ ზრდას მოელის, ვიდრე ეს ფონდის მიერ აპრილში იყო ნავარაუდევი, 2025 წლისთვის კი IMF საქართველოსთვის 5.97%-იან ზრდას მოელის, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.74%-ით მეტია.