საქართველოს ეკონომიკაში გასულ წელს დაფიქსირებული 7.5%-იანი ზრდა, რეალური ეკონომიკის სიჯანსაღეზე მეტად, გარე ფაქტორებსა და „ვირტუალურ“ ციფრებს ასახავს - ამის შესახებ BMG-სთან ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი აცხადებს.
მისი თქმით, ქვეყნის მთავარი სექტორები სტაგნაციას განიცდიან, ზრდას კი, ისეთი მიმართულებები განაპირობებს, რომელთა მდგრადობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
“ერთ-ერთი წამყვანი სექტორი, რომელმაც ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა, ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სფეროა. ეს არის სექტორი, რომელსაც ყველაზე დაბალი ფისკალური გავლენა აქვს, რადგან ის მინიმალურად იბეგრება. ამას ახორციელებენ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში, ფაქტობრივად, გადასახადებს არ იხდიან. არსებობს შანსი, რომ ბრუნვები, რომელიც ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას, საერთოდ არ გენერირდებოდეს საქართველოში. საერთაშორისო საწარმოების თანამშრომლები სერვისებს ქვეყნის გარეთ მყოფ კლიენტებს აწვდიან, საქართველოში კი, უბრალოდ ქაღალდზე ხდება ბრუნვების ჩვენება. ეს არის ვირტუალური ზრდა, რომლის ხეირსაც საქართველოს ეკონომიკა ვერ გრძნობს” - ამბობს გიორგი ხიშტოვანი BMG-სთან.
მისივე თქმით, სანამ „ვირტუალური“ სექტორები იზრდება, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი - მშენებლობა, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა უკან მიდის:
„ჩვენ ვხედავთ პატარა ბომბებს, რომლებიც შეიძლება აფეთქდეს. პირველი, ეს არის რეალური ეკონომიკის სტაგნაცია. ვაჭრობა, მრეწველობა, მშენებლობა - ეს არის ქვეყნის ეკონომიკის მთავარი სექტორები და იქ უკვე გვაქვს სტაგნაცია. ყველაზე დიდი სექტორები, როგორც ზომიდან, ისე დასაქმების მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ან შემცირდა, ან მინიმალურად გაიზარდა” - ამბობს გიორგი ხიშტოვანი.
ეკონომისტი ხაზს უსვამს, რომ ზრდის ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა და ტრანსპორტი, პირდაპირ კავშირშია უკრაინაში მიმდინარე ომთან და რუსეთთან ირიბ ვაჭრობასთან:
„სფეროები, რომლებიც იზრდება: ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ტურიზმი და ვაჭრობა - უკრაინაში ომის პირდაპირი ბენეფიციარია. თუ უკრაინაში ომი დამთავრდა და რუსეთის ურთიერთობა დასავლეთთან მოწესრიგდა, ეს იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა. რაც ზრდას უზრუნველყოფს, ის არ ჩანს, რომ იყოს მდგრადი.“
ზოგიერთ დარგში სტაგნაციის მთავარ მიზეზად კი, ეკონომისტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ბიზნესის მხრიდან ნდობის დაკარგვას ასახელებს:
„სისტემური მიზეზი ბიზნეს კლიმატის გაუარესებაა. გვაქვს პოლიტიკური კრიზისი და მისი ეფექტები ჩანს ეკონომიკაზე. ბიზნესს სჭირდება ნდობა პოლიტიკური სისტემის მიმართ და სტაბილური გარემო. ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია უარესდება, ვშორდებით დასავლეთს და საგარეო ორიენტირი არეულია. ბიზნესმა დაკარგა რწმენა პოლიტიკური სისტემის მიმართ, რისი გამოხატულებაც ინვესტიციებისა და დასაქმების შემცირებაა" - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.
2025 წელს ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.2 პროცენტი შეადგინა. დეკემბერში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში. ხოლო წლიურ ჭრილში შემცირებულია მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის დარგები. ზრდის მთავარი კონტრიბუტორები კი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, განათლების, საფინანსო და უძრავი ქონების სექტორები იყო.




























