მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მუდმივი განვითარება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა, როგორც ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის, ასევე გუნდის წევრებისთვის“ - ნიკოლოზ მითაიშვილი

BOG
27.09.24 16:05
504
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას წლებია აქტიურ რეჟიმში ახორციელებს. ფინანსური ინსტიტუტისთვის, საქართველოში საცალო მიმართულების განვითარება ერთ - ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამ სექტორში ბანკის სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსს, ნიკოლოზ მითაიშვილს.

“ბოლო წლებში საქართველოში საცალო სექტორი აქტიურად იზრდება და ვითარდება. აღნიშნული სექტორი სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს, როგორიცაა: ავტოინდუსტრია, ტექნიკის, საკვები პროდუქტების, მოდის და სხვა მიმართულებები. შესაბამისად, განსხვავებულია პროექტები რომლებსაც ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად ვახორციელებთ. თითოეული ბიზნესის სფეციფიკის გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი ინდივიდუალურ მიდგომებს იყენებს. აღნიშნულ სფეროში ჩვენი ცოდნა და გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ვიცოდეთ ვის რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენი ჩართულობა საკრედიტო პროდუქტებთან ერთად, კონსულტაციების გაწევასაც გულისხმობს. ასევე, აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის გარანტიებისა და აკრედიტივების მიმართულებით“-, ამბობს ნიკოლოზი.

საცალო სექტორის განვითარებასთან ერთად, ცხადია არსებობს გამოწვევები. „აღნიშნულ სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კადრების ზრდა და შენარჩუნებაა. ამ გამოწვევის საპასუხოდ, საერთაშორისო ბანკებთან ერთად სხვადასხვა პროგრამებს ვთავაზობთ, რაც არსებული კადრების გადამზადებას, არსებული პროგრამების (სოფტის) გაუმჯობესებას და ახალი ტექნოლოგიების დაფინანსებას გულისხმობს. გამოწვევაა ახალი ფილიალებისთვის ლოკაციების მოძიებაც, რაშიც ასევე აქტიურად ვეხმარებით, როგორც ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ასევე „Galt&Taggart“ – ის ჩართულობით. კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი გამოწვევა საერთაშორისო ბაზრებზე მოდის სფეროში მაღალი კონკურენციაა, რაც გამოიხატება იმით რომ, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმები მომხმარებლებს მსგავს პროდუქტებს დიდი ფასდაკლებით სთავაზობენ. ჩვენი ლოიალურობის პროგრამა კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბიზნესებისთვის, აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად“ , - ამბობს ნიკოლოზი.

გარდა აღნიშნული სერვისებისა და პროდუქტებისა, საქართველოს ბანკი ბიზნეს მომხმარებლებს არაერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს.

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვიკვლევთ ბიზნეს მომხმარებლების საჭიროებებს და ვცდილობთ ის სერვისები და პროდუქტები, იმ არხში მივაწოდოთ, სადაც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ერთ - ერთი ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც ჩვენს ბიზნესებს ვთავაზობთ, ბიზნეს მენეჯერია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიური პროდუქტები - გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი და Ads მენეჯერი ერთი სივრციდან მართოს. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო პროდუქტია ციფრული სასაჩუქრე ბარათები, რომელიც მობილბანკსა და ინტერნეტბანკშია ხელმისაწვდომი და ადრესატთან მომენტალურად იგზავნება. ეს პროდუქტები ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, საბანკო სერვისები ონლაინ განახორციელონ, შექმნან შეთავაზებები, ასევე, თვალი ადევნონ შეთავაზებების ეფექტურობას, გაეცნონ შედეგების დეტალურ რეპორტს და ანალიტიკას. მსგავსი სერვისები თუ პროდუქტები ბიზნესებს ერთის მხრივ, უმარტივებს ყოველდღიურობას, მეორე მხრივ, კი აძლევს შესაძლებლობას, მიწვდნენ საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ აქტიურ ციფრულ მომხმარებელს თვეში და კიდევ უფრო მეტად განავითარონ ბიზნესი“, - აღნიშნავს ის.

ნიკოლოზი საცალო სექტორის კვლევასა და სამომავლო პროგნოზებზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ „2023 წელს საცალო ვაჭრობის სექტორის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და წინა წლის მაჩვენებლებს 9%-ით გადაასწრო. თუ სექტორი გასულ წლებთან შედარებით, საშუალოდ 10.2%-ით იზრდებოდა, 2020-2023 წლებში კიდევ უფრო გაიზარდა და საშუალოდ 17.4% - ს მიაღწია, რასაც რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი, მათ შორის : FMCG სექტორის, უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკისა და IT სექტორის სწრაფმა ზრდამ. მოლოდინი გვაქვს, რომ სექტორი, საშუალოვადიან პერიოდში, დაბალი ორნიშნა მაჩვენებლით ზრდას განაგრძობს. ამის თქმის საფუძველს სექტორის ბოლო წლების დინამიკა და FMCG - ის პროდუქტები გვაძლევს. ის თავის მხრივ არაციკლურ სექტორს წარმოადგნეს, რაც პოტენციური ეკონომიკური შოკების მიმართ შედარებით მდგრადია და სამომავლოდ ხელს შეუწყობს საცალო ვაჭრობის სექტორის სტაბილურ ზრდას“.

საქართველოს ბანკი ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას და მათთვის სიახლეების შეთავაზებას სამომავლოდაც აქტიურად გეგმავს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბანკში საცალო სექტორი 2020 წლიდან დღემდე გაოთხმაგდა, სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიურ ზრდას და საინტერესო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეების შეთავაზებას ვგეგმავთ ელექტრონული კომერციის გადახდის არხების მიმართულებით“, - ამბობს ნიკოლოზი.

საცალო სექტორის გაძლიერებასთან ერთად, საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში მუშაობს შიდა გუნდის გაძლიერებასა და განვითარებაზე. „საქართველოს ბანკი, როგორც დასაქმების ხელშემწყობი ფინანსური ინსტიტუტი, ახალგაზრდებისთვის არაერთ შესაძლებლობას ქმნის. ერთ-ერთი მათგანია პროგრამა „ლიდერატორი“, რომელიც მიზნად ისახავს, ტალანტების მოზიდვას და მათი განვითარების ხელშეწყობას. სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ყოველწლიურად წარმატებულ კურსდამთავრებულ ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ვიღებთ, რომელთა უმეტესობა საქართველოს ბანკში საქმდება და კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამს. ჩვენი გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა მუდმივი განვითარება და ახალი შესაძლებლობების შექმნაა, როგორც ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის, ასევე გუნდის წევრებისთვის. ამიტომაც, ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“. - ამბობს ნიკოლოზი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები