„ჩვენი გუნდის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი აჭარის განვითარება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებითა და ათვისებით მოვახერხებთ, რომ მაღალმთიან აჭარაში შეწყდება მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის განვითარებას,“ – ამის შესახებ აჭარაში "ქართული ოცნების" მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
თამაზაშვილმა საზოგადოებას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს პირველად მიმართავს მათ სიტყვით ამ სახალხო ღონისძიებაზე. შეგახსენებთ, თამაზაშვილი პოსტზე მას შემდეგ დაინიშნა, რაც თორნიკე რიჟვაძე "პირადი განცხადების საფუძველზე" გადადგა.
„წელს პირველად მომეცა შესაძლებლობა, სახალხო დღესასწაულზე მოგმართოთ სიტყვით და თქვენთან ერთად გავატარო ეს დაუვიწყარი დღე. დიდი ბედნიერებაა, რომ დღეს ბეშუმში უამრავი ადამიანი მოვიდა. ეს ნიშნავს, რომ შევძელით და შევინარჩუნეთ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი - ჩვენი ტრადიციები. ეს თქვენი დამსახურებაა და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა მემთეურების როლს და მათი წვლილი დააფასა რეგიონის განვითარებაში.
„აუცილებლად მინდა, აღვნიშნო ჩვენი საამაყო მემთეურების როლი – მათი თავდაუზოგავი შრომა და საოცარი ენერგია მნიშვნელოვან წვლილს შეაქვს რეგიონის განვითარებაში. ჩემი მთავარი მიზანია, ის კეთილდღეობები და შესაძლებლობები, რაც იქმნება აჭარაში, თანაბრად გადანაწილდეს მთელს რეგიონზე. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამას ერთობლივად აუცილებლად მივაღწევთ“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.




























