მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ღვინის 95% საზღვარგარეთ იყიდება“ - „ჟუკა-სანო“

644a65ec91fa1
ნანუკა ნარიმანიძე
28.04.23 09:30
639
მეღვინეობა „ჟუკა-სანო“, რომელიც სრულად ექსპორტზეა ორიენტირებული, ღვინოს გერმანიაში, ამერიკასა და დანიაში გზავნის. ამის შესახებ ბრენდის დამფუძნებელმა თაკო ჟურულმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„წელიწადში 1000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებთ, აქედან 95% ექსპორტზე გაგვაქვს. პირველი საექსპორტო ქვეყანა გერმანია იყო, დავიმატეთ ამერიკა და დანია, ახლა აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საფრანგეთთანაც“, - აღნიშნა მან.

„ჟუკა-სანომ“ პირველად ნახევარ ჰექტარზე გაშენებული ვენახით 2017 წელს 210 ბოთლი რქაწითელი ჩამოასხა, დღეს კი ბრენდი სამი სახის ღვინოს სთავაზობს მომხმარებელს.

„თავიდან მხოლოდ რქაწითელს ვაწარმოებდით, დავამატეთ ძალიან იშვიათი სახეობა - იყალთოს წითელი, რომელიც მხოლოდ სამი ძირი გვქონდა, იმდენად მოეწონა მომხმარებელს გემოები და იმხელა დაინტერესება წამოვიდა, რომ გავზარდეთ ვენახი და ახლა, ახალ ვენახში 250 ძირი იყალთოს წითელი გვაქვს, რომლის მოსავალსაც წელს პირველად ავიღებთ“, - განმარტა დამფუძნებელმა.

გარდა ამისა, თაკო ჟურული საქართველოს ბაზარზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოთლების რაოდენობის გამო, ბრენდი ვერ ახერხებს ღვინის საქართველოში გაყიდვას.

„მცირე წარმოების გამო, ჩვენს ბაზარზე ღვინოს ვერ ვყიდით, უახლოეს სამომავლო გეგმებშია საქართველოს ბაზარზე ღვინის ჩაშვება, რაშიც ჩვენი ახალი ვენახები დაგვეხმარება, თუ რაოდენობრივად გავიზრდებით, გვექნება საშუალება ვკონცენტრირდეთ არსებულ ბაზარსა და ექსპორტზე, საზღვარგარეთ ნატურალური ღვინო ძალიან კარგად ფასობს“ - ამბობს ის.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მეორე მიმართულება ღვინის ტურიზმია.

„ღვინის დაინტერესებულ ადამიანებს ვეპატიჟებით მარანში დეგუსტაციაზე, ძირითადად, უცხოელები გვსტუმრობენ. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, ქართველებიც დაინტერესდნენ ლოკალური მარნებით და დაიწყონ ჩვენთან სიარული“, -ამბობს ის.

„ჟუკა-სანო“ 2017 წელს დაარსდა, დასაქმებულები მხოლოდ ოჯახის წევრები არიან, გაფართოებული ვენახიდან და გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბრენდი სამომავლოდ გუნდის გაზრდას და ხალხის დასაქმებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები