„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ Eagle Hills-ის პროექტებში საქართველოს სახელმწიფოს მიერ 33%-იანი ფლობა თავად სახელმწიფოს ინტერესი იყო, რაც არაბულ კომპანიასთან მოლაპარაკების საგანს წარმოადგენდა. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუმცა ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია რა ღირებულების მიწით შედის თბილისისა და გონიოს მასშტაბურ დეველოპერულ პროექტებში სახელმწიფო და როდის დაიბრუნებს სახელმწიფო თავისი აქტივების ღირებულებას ამ პროექტიდან.
სახელმწიფო Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტის აქციონერი გახდა და კომპანიაში 33%-ის წილი ექნება
ირაკლი კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილს კომპანია Eagle Hills-თან მოლაპარაკებებში პირველივე დღიდან ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტიდან ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციის გარდა, სახელმწიფო ბიუჯეტი მოგების 33%-ს მიიღებს.
- რა ღირებულებისაა მიწა, რომლითაც 33%-იანი მესაკუთრე ვხდებით? დაახლოებით რა ვადაში დაიბრუნებს სახელმწიფო თავისი აქტივების ღირებულებას ამ პროექტიდან?
- მარიამ ქვრივიშვილმა შეძლო მაქსიმუმის მიღება იმ ხელშეკრულებაში. ეს ითვალისწინებს იმას, რომ ერთი არის უპრეცედენტო ინვესტიცია, რომელიც საქართველოში შემოდის. მხოლოდ ერთი კომპანიიდან პირდაპირი ინვესტიცია არის 6.5 მლრდ დოლარი. წინა ხელისუფლების პირობებში ჯამში 9 მლრდ დოლარი იყო პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა. აქ მხოლოდ ერთ კომპანიას შემოაქვს 6.5 მლრდ დოლარი და შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამხელა წვლილს შეიტანს ეს ინვესტიცია ჩვენი მშპ-ს განვითარებაში.
ამის მიღმა ხელშეკრულებაში ჩაიდო ის, რომ პირდაპირ ბიუჯეტში შედის მოგების 33%, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და კიდევ ერთხელ მადლობა მარიამ ქვრივიშვილს ამ მნიშვნელოვანი ჩანაწერისთვის.
- რას ნიშნავს ეს?
- თეორიულად შეიძლება შენ ინვესტორს მისცე მიწა მხოლოდ ინვესტიციის შემოტანის სანაცვლოდ, თუმცა ამის მიღმა, როდესაც ბიუჯეტში შემოგაქვს მოგებიდან 33%, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან გარდა ეკონომიკაში პირდაპირი შენატანისა, გაქვს ბიუჯეტში პირდაპირი შენატანი მოგებიდან 33%.
- ვისი მოთხოვნა იყო ეს - სახელმწიფოს თუ ინვესტორის?
- ეს მოლაპარაკებების ერთ-ერთი საგანი იყო და ჩვენი ინტერესი იყო 33%-ის წამოღება ჩვენს ბიუჯეტში.
- ხელშეკრულება ხომ არ გამოქვეყნდება, რადგან სახელმწიფო მხარეა?
- არ ვიცი პროცედურა როგორია. თუ უნდა იყოს საჯარო, ალბათ გასაჯაროვდება




























