მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი ხელისუფლება ბევრს აკეთებს, რომ ენერგეტიკა კიდევ უფრო განვითარდეს და მეტი გენერაცია გვქონდეს - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

"ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამბობს, რომ შავი ზღვის კაბელის პროექტით საქართველოს შესაძლებლობა ექნება საკუთარი ელექტროენერგია ევროკავშირში გაყიდოს.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის ექსპორტი განვახორციელოთ ევროპის ბაზარზე. ეს თავის მხრივ, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალს გაზრდის,“ - თქვა მან „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალის დასრულების შემდეგ.

მწვანე ენერგეტიკული დერეფნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საქართველომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. ქვრივიშვილის თქმითვე, აღნიშნულ პროექტს დიდი როლი ექნება საქართველოს ენერგეტიკული სექტორის გაძლიერების და განვითარების კუთხით.

„ჩვენი ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ დარგი კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, გვქონდეს მეტი შიდა გენერაცია, რათა უზრუნველვყოთ ენერგოდამოუკიდებლობა და გავზარდოთ ენერგოუსაფრთხოება. მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი არის მნიშვნელოვანი თანამშრომლობა ქვეყნებს შორის, რომლითაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება საქართველოს ტრაზიტულ - ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია, საქართველო კი გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ენერგეტიკული ჰაბი,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მე-11 მინისტერიალში, ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები