„ასკანელის“ დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე, bm.ge-სთან ინტერვიუში სავაჭრო ქსელებში არსებულ საფასო პოლიტიკას ეხმაურება და ხაზს უსვამს ხელისუფლების როლს ამ პრობლემის მოგვარებაში. ბიზნესმენი კმაყოფილებას გამოთქვამს იმით, რომ საკითხი მაღალ დონეზე განიხილება და მასში ირაკლი კობახიძე პირადად არის ჩართული.
ბიზნესმენის განცხადებით, სავაჭრო ქსელების მხრიდან დაწესებული არაგონივრული პირობები უკვე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მსჯელობის საგანი გახდა, რაც პოზიტიური სიგნალია სექტორისთვის.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ თემას ახლა დიდი ყურადღება ექცევა და ეს მსჯელობის საგანია. ჩვენი ხმა მთავრობამდე მივიდა. ბატონი ირაკლი [კობახიძე] პირადად არის ამ თემით დაკავებული და ვფიქრობ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, რომელიც უახლოეს პერიოდში მოგვარდება,“ - აცხადებს გოჩა ჩხაიძე.
ჩხაიძე მიიჩნევს, რომ სამართლიანი სათამაშო წესების დამკვიდრება მხოლოდ კანონის დონეზეა შესაძლებელი. მისი თქმით, მთავრობის აქტიურობა დაეხმარება ბაზარს, თავი დააღწიოს „აბსურდულ არითმეტიკას“, სადაც ქსელების ფასნამატი და ქეშბექები ადგილობრივ წარმოებას აზარალებს.
მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, გოჩა ჩხაიძისთვის ქართული ბაზარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ის იმედოვნებს, რომ ხელისუფლების ჩარევით მუშაობა გამარტივდება, რაც ხელს შეუწყობს როგორც გაყიდვების ზრდას, ისე ქვეყნის იმიჯს.
„ქართული ღვინის ბაზარი ჩემთვის ძალიან საინტერესოა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ქართველი ვარ და საქართველოში ვაწარმოებ ღვინოს. მეორეც - როდესაც უცხოელი პარტნიორები და ტურისტები ჩამოდიან და დახლზე ხედავენ შენს პროდუქციას, ეს ნდობას ერთიორად ზრდის," - თქვა მან.
თუმცა, მისი შეფასებით, სექტორი სერიოზულ გამოწვევებს აწყდება საცალო ქსელების მოთხოვნების გამო. ბიზნესმენი ამბობს, რომ რიგ შემთხვევებში ქსელებთან თანამშრომლობაზე უარი უთქვამს, რადგან არსებული პირობებით პროდუქციის გაყიდვა წაგებიანია.
„ბევრ ქსელზე უარი ვთქვი, იმიტომ რომ ვერ ვიმუშავებ იმისთვის, რომ დახლზე პროდუქტი მინუსში იდოს. კატასტროფაა, რაც ხდება. ქსელები 50%-იან ქეშბექს გთხოვენ და დამატებით დაახლოებით 30%-იან მარჟას იღებენ,“ - ამბობს ის.
ჩხაიძე მაგალითსაც ასახელებს, მისი თქმით, თუ პროდუქტის საცალო ფასი 20 ლარია, მწარმოებელს შესაძლოა მისი მიწოდება დაახლოებით 7 ლარად მოუწიოს, რაც დისტრიბუციის ხარჯებისა და დღგ-ის გათვალისწინებით საბოლოოდ ბოთლის თვითღირებულებას დაახლოებით 4 ლარამდე ამცირებს.
„ამიხსენით, რომელი არითმეტიკით უნდა იმუშაოს მწარმოებელმა? ეს აბსურდია. მსგავსი რამ არცერთ ქვეყანაში არ ხდება,“ - აცხადებს ის.
შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ქსელების პოლიტიკა და პროდუქტზე არსებული მაღალი ფასნამატები ბოლო პერიოდში ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. "ოცნების" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირეს, ევროპულ ბაზართან შედარებით, სწორედ არაგონივრულად მაღალი მარჟები განაპირობებს.
საკითხის შესწავლაში ჩაერთნენ შესაბამისი უწყებები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სამომხმარებლო ფასების მოკვლევა დაიწყო.
ცნობისთვის, პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა. 26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 30 იანვარს შეხვედრა საწვავის კომპანიებთან გაიმართა.



























