„ჩვენი კოზირი ჩვენი მდებარეობაა. სხვა უფრო ძლიერი კოზირი არ გაგვაჩნია“, - ასე უპასუხა რეგიონული ენერგეტიკისა და ტრანსპორტის საკითხების ექსპერტმა, ლიანა ჯერვალიძემ BMG-ის კითხვას: „რა შეიძლება იყოს საქართველოს ბერკეტი "დამატებითი გაზის"კონტრაქტის განახლებისას?“
საქმე ის არის, რომ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს აქვს ოფცია, აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5% მიიღოს - ეს კონტრაქტი ძალაშია 2068 წლამდე. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან, ანუ 2006 წლიდან, 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს - სპეციალურ ფასში შეისყიდის. სწორედ ე.წ. „დამატებითი გაზის“ კონტრაქტს ეწურება ვადა 2026 წლის ბოლოს.
საინტერესოა, მოგვყიდის თუ არა საერთაშორისო კონსორციუმი ისევ ე.წ. დამატებით გაზს და რა ფასად, მით უმეტეს, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.
- მიმდინარე წელს ეწურება ვადა ე.წ. „დამატებითი გაზის“ კონტრაქტს, რომლის ფარგლებშიც - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს - სპეციალურ ფასად ყიდულობდა საქართველო. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, თუ გაზი გლობალურად გაძვირდება, მოსალოდნელია, რომ აზერბაიჯანმა ჩვენც უფრო მაღალი ფასი შემოგვთავაზოს?
- დიახ, მართალია. ჩვენ ომის პროცესსა და მშვიდობის დამყარებაზე გავლენას ვერ მოვახდენთ, მაგრამ შეგვიძლია ჩვენი მოლაპარაკების პოზიცია გამოვიყენოთ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ხელისუფლება საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებდა - იმ ნაწილში მაინც, რასაც მე ვხედავ. მინდა გითხრათ, რომ თავის დროზე, როდესაც სამხრეთკავკასიური გაზსადენის იმ 500 მილიონ კუბურ მეტრზე შეღავათიანი ფასი დადგინდა, ის არ ყოფილა ძალიან დაბალი. ეს ფასი მიახლოებული იყო ევროპის ბაზართან; არ ყოფილა არც ნახევარი ფასი და არც რეალური ღირებულების 70%. ის რეალურ ფასთან საკმაოდ ახლოს იყო.
- რისი თქმა გსურთ ამით - კონტრაქტის განახლების დრო როცა მოვა, ახალი ფასი საბაზროსთან მიახლოებული იქნება?
- კონსორციუმი არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნებისა და მომხმარებლების კეთილდღეობაზე ფიქრობს - ის მოგებაზეა ორიენტირებული. ამიტომ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ისინი შეეცდებიან, არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ ზოგადად, გრძელვადიანი პერსპექტივიდან განსაზღვრონ, როგორი შეიძლება იყოს გაზის ფასი ჩვენთვის. ჩვენ აზერბაიჯანის გვერდით ვართ, თურქმენეთის საზღვაო საზღვრიდან, დაახლოებით, 800-1000 კილომეტრში. ამ მანძილზე დივერსიფიკაციის საშუალებაც გვაქვს. თუ იძულებული გავხდით, შეგვიძლია რუსეთიდანაც შემოვიტანოთ - ესეც ერთ-ერთი გზაა...
- თუმცა რუსეთზე დამოკიდებულების ზრდა საკმაოდ რისკიანია.
- ახლა რა არ არის რისკიანი?
- ყველაფერი რისკიანია, მაგრამ რუსეთი ხომ მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს?
- რისკიანია, ჩვენთვისაც და სხვებისთვისაც. ვერაფერს დაეყრდნობი მყარად, თუ ყველაფერი კარგად არ გათვალე.
- რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების ნაწილში საქართველოს ბერკეტი, რადგან კონტრაქტის განახლების ვადა ახლოვდება? იმედია, ეს პროცესი ქართულ მხარესა და აზერბაიჯანს შორის უკვე დაწყებულია.
- ჩვენი კოზირი აუცილებლად ჩვენი მდებარეობაა, რადგან სხვა უფრო ძლიერი ბერკეტი არ გაგვაჩნია. ზოგადად, კონსორციუმისა და მეზობელი ქვეყნების ინტერესშია, რომ სატრანზიტო ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. თუ შიდა უსაფრთხოებას ვერ მართავ და არსებობს მილსადენებზე თავდასხმის საფრთხე, სახელმწიფო ძალიან კარგად უნდა იყოს მობილიზებული. კონსორციუმი უნდა იყოს დარწმუნებული მილსადენების უსაფრთხოებაში, ამიტომ სატრანზიტო ქვეყნის არეულობა, არასტაბილურობა და უკმაყოფილება არც კონსორციუმს და არც იმ მეზობელ ქვეყნებს არ აწყობთ, რომელთა რესურსიც ჩვენს ტერიტორიაზე გადის. ეს მათ ინტერესებში არ შედის.
- რადგან მილსადენებზე თავდასხმა ახსენეთ, გკითხავთ: რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა განაცხადეს, რომ ბაქო-ჯეიჰანზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს. რამდენად დაცულია ჩვენს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენები დივერსიებისგან და, ზოგადად, რამდენად რეალურია მილსადენზე თავდასხმის საფრთხე?
- ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით, საფრთხეს ვერ ვხედავ. ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ და, როგორც ვატყობ, შიდა უსაფრთხოება დღეს საკმაოდ მაღალ დონეზეა. იმედია, ხელისუფლება ამ დონეს არ დასწევს, რადგან როდესაც 800-1000 კილომეტრში ომი მიდის, შიდა უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადამიანებს ემოციური განწყობებისგან ვერ დაიცავ - ვიღაც ვიღაცას ემხრობა, ვიღაც ვიღაცას ეწინააღმდეგება, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს ქვეყნის შიდა უსაფრთხოების ჩამოშლის საფუძველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მეზობლებისთვისაც. საქართველოს „ჩაკეტვა“ მთელი ცენტრალური აზიის ჩაკეტვას ნიშნავს, ამიტომ შიდა უსაფრთხოება გადამწყვეტია. ჯერ ვერ ვხედავ იმის ნიშანს, რომ ჩვენი სახელმწიფო ამას თავს ვერ ართმევდეს.
- რამდენიმე დღის წინ ორი დრონი აზერბაიჯან-ირანის საზღვრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში, ნახჩევანის აეროპორტთან დაეცა. ასევე, თურქეთმა განაცხადა, რომ ირანიდან ნასროლი მეორე ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს... კარგია, რომ ჩვენთან მსგავს ფაქტებს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ეს მხოლოდ ხელისუფლების დამსახურებაა?
- ხელისუფლების დამსახურებაცაა, რასაკვირველია. ამასთან, ამ ტრასაზე არ არის ირანის მოწინააღმდეგე ერთეული - ასე ვთქვათ, აქტორი. ვინ აწყობს ამ თავდასხმებს? ის, ვინც დაინტერესებულია, რომ ომის კერა გავრცელდეს და პროცესში მეტი მხარე ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, ირანი მათ შორის არ იქნება.
- რატომ ხართ დარწმუნებული, როცა ვხედავთ, რას აკეთებს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რათა აშშ-ისრაელზე ზეწოლა გააძლიეროს?
- იმიტომ, რომ მასზე შეტევა ყველა მხრიდან მიმდინარეობს. ერთადერთი მხარე არის ჩრდილოეთი, სადაც მის მიმართ აგრესია არ ხორციელდება და თავად რატომ უნდა დაიწყოს ეს პროცესი?! ლოგიკაში არ ჯდება.
- არ გჯერათ აზერბაიჯანის სუს-ის განცხადების, რომ ასეთ ფაქტს საერთოდ ჰქონდა ადგილი?
- მჯერა, შეიძლება ადგილი ჰქონოდა, მაგრამ ვინ აკეთებს ამას, არ ვიცი, ვერ ვიტყვი. ალბათ ვერც ისინი იტყვიან დარწმუნებით, რომ ეს ირანია... მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანა ერთ კვირაზე მეტია ომშია გახვეული... ვერ გამორიცხავ, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შიგნიდან მოქმედებენ თუნდაც არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ.




























