„თუ 500 მილიონი კუბური მეტრი ე.წ. დამატებითი გაზი დაიკარგება და მისი რუსული „გაზპრომის“ ბუნებრივი აირით ჩანაცვლება მოგვიწევს, ეს იქნება ენერგეტიკული კრახი“, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე.
საქმე ის არის, რომ სამხრეთკავკასიური გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველოს აქვს ოფცია აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5% მიიღოს - კონტრაქტი ძალაშია 2068 წლამდე. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან ანუ 2006 წლიდან 20 წლის განმავლობაში საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის. სწორედ ე.წ. „დამატებით გაზის“ კონტრაქტს ეწურება ვადა 2026 წლის ბოლოს.
მოგვყიდის თუ არა საერთაშორისო კონსორციუმი ისევ ე.წ. დამატებით გაზს და რა - ფასად. რაზე და ვისზეა დამოკიდებული კონტრაქტის გაგრძელება - ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ვრცლად ისაუბრა რომან გოცირიძემ, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში, როდესაც სამხრეთკავკასიური გაზსადენის კონსორციუმსა და საქართველოს შორის კონტრაქტის პირობები თანხმდებოდა, მიხეილ ჯიბუტთან და თემურ გოჩიტაშვილთან ერთად, საქართველოს გაზის და ნავთობის კორპორციის მიერ დაქირავებული ექსპერტი იყო.
„გია ჭანტურიამ ლონდონში მაგიდა გადააყირავა“ - როგორ მოიპოვა საქართველომ „შეღავათიანი გაზი“?
რომან გოცირიძე იხსენებს, რომ შაჰდენიზის გაზის კონტრაქტზე მუშაობისას, უდიდესი როლი ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კორპორაციის მაშინდელმა პრეზიდენტმა გია ჭანტურიამ ითამაშა, რომელსაც როგორც აზერბაიჯანის, ისე აშშ-ის მხრიდან მაღალი ნდობა ჰქონდა.
„ხელშეკრულება საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და მიმუშავია [იმ დოკუმენტებზე]... მახსოვს, ლონდონში, გია ჭანტურიამ მაგიდა გადააყირავა მოლაპარაკების პროცესში, როდესაც საუბარი სამხრეთკავკასიური გაზსადენის კონსორციუმსა და საქართველოს შორის კონტრაქტის პირობებს შეეხებოდა ანუ რამდენი პროცენტი (5%) უნდა ყოფილიყო „ოფციური გაზი“ და რა მოცულობით (500 მლნ მ³) უნდა მიეღო საქართველოს „დამატებითი გაზი“ შეღავათიან ფასად... ამ პირობებით კონტრაქტის გაფორმება მარტივი არ იყო; 500 მილიონი კუბური მეტრი გაზი იმ მომენტში საქართველოს მოხმარების ნახევარი იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არ იყო მოწყალება და საჩუქარი, ეს იყო ტრანზიტის საფასურის თავისებური გაგრძელება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ და იქვე დასძინა, რომ მოლაპარაკების ასეთი შედეგი იყო ის უპრეცედენტო პირობები, რომელიც ქვეყანას წლების განმავლობაში ენერგეტიკულ სტაბილურობას უნარჩუნებს.
„ჩვენი მთავარი კოზირი მაშინაც და დღესაც ის არის, რომ აზერბაიჯანის გაზის ევროპაში გასატარებელი ერთადერთი გზა ჩვენზე გადიოდა“, - აღნიშნა მან ინტერვიუში.
ვისგან ყიდულობს და რა მოცულობის გაზს მოიხმარს საქართველო?
საქართველო, წლიურად, დაახლოებით, 3 მილიარდ კუბური მეტრის გაზს მოიხმარს და და თითქმის სრულად იმპორტზეა დამოკიდებული - ეს მოცულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გასათბობად, ბიზნესისთვის, ავტოგაზგასამართი სადგურებისთვის და თბოელექტროსადგურებისთვის. მაგალითად, შარშან ქვეყანამ 400 მლნ დოლარის 3.1 მლრდ მ³ გაზი იყიდა. მთავარი საიმპორტო ქვეყნები აზერბაიჯანი და რუსეთია.
წელს, 10 თვეში, გაზის იმპორტი 286 მლნ დოლარზე მეტი დაგვიჯდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის თანახმად, აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია 171.5 მლნ დოლარის გაზი, ხოლო რუსეთიდან 115 მლნ დოლარის და 2024 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით, რუსეთიდან გაზის იმპორტი 23%-ითაა გაზრდილი, აზერბაიჯანიდან კი, თითქმის 6%-ითაა შემცირებული.
უფრო კონკრეტულად, რუსეთიდან ვიღებთ გაზს „ჩრდილოეთ-სამხრეთ კავკასიის“ მილსადენით, ხოლო აზერბაიჯანიდან ყაზახი-საგურამოს გაზსადენით და „სამხრეთ კავკასიური მილსადენით“.
ამდენად ე.წ. „დამატებითი გაზის“ მოცულობა, რომელსაც საერთაშორისო კონსორციუმთან გაფორმებული კონტრაქტით სამხრეთ კავკასიური გაზსადენიდან შეღავათიან ფასად ვიღებთ (დაახლოებით, $70-75 დოლარად), რომან გოცირიძის შეფასებით, მთლიანი მოხმარების მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისადდ, თუ ეს კონტრაქტი არ გაგრძელდება, ქვეყანა იძულებული გახდება, დეფიციტი სხვა წყაროთი, სავარაუდოდ, რუსეთიდან იმპორტით შეივსოს.
ამასთან, რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ რუსული გაზის იმპორტის ზრდა უკვე მიმდინარე პროცესია, რაც 2026 წლისთვის ვითარების გაუარესების ნიშანია:
„თუ მილიარდ კუბურ მეტრამდე ავიდა რუსული გაზი, ეს არის მესამედი ჩვენი მოხმარების, რაც კატასტროფაა. ისევ ბრუნდება რუსეთი [საქართველოს ენერგეტიკაში]“, - ამბობს ის.
როდის უნდა დაიწყოს/დაწყებულიყო ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები "სამხრეთ-კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან"?
რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო კონსორციუმთან კონტრაქტის გაგრძელებასა და პირობებზე საქართველოს მთავრობის მხრიდან მოლაპარაკებების დაწყების დაგვიანება, თან მაშინ, როდესაც ევროპაში აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა მაქსიმუმს აღწევს, საქართველოს უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ კოზირს უკარგავს.
„დაახლოებით, წელიწად-ნახევრით ადრე უნდა იყოს დაწყებული მოლაპარაკება, რომ სულ მცირე ზაფხულის თვეებში დამთავრდეს“, - ამბობს ის, მაგრამ იქვე დასძენს, რომ რამდენიმე თვე არაფერს ცვლის, თუ საქართველოს სახელმწიფო თავის კოზირს სწორად გამოყენებს - „საქართველოს გავლის გარეშე ევროპაში აზერბაიჯანული გაზი ვერ მოხვდება“.
აღსანიშნავია, რომ თავად ოცნების მთავრობის მეთაურის პასუხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლება ჯერ არ ჩქარობს ანუ კონტრაქტის დაგრძელებასა და პირობებზე მოლაპარაკებები, ჯერჯერობით, არ დაწყებულა. ამ თემაზე კითხვა BMG-მ ირაკლი კობახიძეს კითხვა დეკემბრის დასაწყისში დუსვა და მისი ზოგადი პასუხიც მოისმინა.
„მომავალი წლის ბოლომდე ძალაშია ეს ხელშეკრულება, ბუნებრივია, გვექნება მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, რომ ეს მოლაპარაკებები ძალიან კონსტრუქციულ და მეგობრულ რეჟიმში წარიმართება“, - განაცხადა კობახიძემ.
ევროპისთვის „მილსადენის დათმობის ფასი“ - რა უნდა მოეთხოვა „ოცნების“ მთავრობას?
რომან გოცირიძესთან ინტერვიუში გადაცემის წამყვანმა აქცენტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული ურთიერთობის იმ ნაწილზეც გაამახვილა, რომელიც სამხრეთ კავკასიური მილსადენით ევროპისთვის აზერბაიჯანული გაზის მიწოდებას და საქართველოს დათმობას გულისხმობს.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების 2024 წლის ერთიანი ანგარიშის თანახმად, „საქართველო აქტიურად უწყობს ხელს აზერბაიჯანს - შეასრულოს ევროკავშირთან 2022 წლის 18 ივლისს გაფორმებული შეთანხმებები, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის გაზის მიწოდების გაზრდას ევროკავშირისთვის წელიწადში მინიმუმ 20 მლრდ. მ 3-მდე 2027 წლისთვის (2021 წელს 8,1 მლრდ. მ 3 იყო). „ქართული მხარე დათანხმდა “სოკარის“ თხოვნას, საქართველოს კუთვნილი გაზის ნაწილი დროებით ყაზახი-საგურამოს გაზსადენით მიიღოს და სკმ-ში გამოთავისუფლებული სიმძლავრე ევროკავშირისათვის განკუთვნილი გაზის მიწოდებისათვის გამოიყენოს. შედეგად, ევროპისთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახდა დამატებით დაახლოებით 1,1 მლრდ. მ 3 აზერბაიჯანული ბუნებრივი გაზი“, - წერია ანგარიშში.
„ევროპას მეტი გაზი რომ მიეღო, საქართველომ სამხრეთ-კავკასიური გაზსადენიდან გაზის მიღებაზე უარი თქვა და სანაცვლოდ ქვეყანა გაზს მეორე - ყაზახ-საგურამოს გაზსადენიდან იღებდა“, - ამბობდა 2023 წლის ბოლოს მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დღეს უკვე ბრალდებული რომეო მიქაუტაძეც.
რომან გოცირიძეს აღნიშნულ „დათმობასთან“ დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვს.
„გამოდის, ჩვენ უარი ვთქვით გაზსაცავის ტოლფასად დაცულ ბაქო-თბილისი-ერზრუმში გამავალ გაზზე, ჩვენს სივრცეზე... თავად ხელისუფლების მიერ მომზადებულ ანგარიშში წერია, რომ [საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის შეიძლება გამოწვევად ჩაითვალოს უკანასკნელ პერიოდში რუსული გაზის წილის ზრდის ტენდენცია]...“, - აცხადებს ის.
გაზის უსაფრთხოების 2024 წლის ანგარიშში ასევე წერია, რომ 2023 წელს რუსეთმა საქართველოს 596.040 მლნ. მ3 გაზი მიაწოდა საბაზრო ფასებში, რისი მიზეზიც ძირითადად აზერბაიჯანიდან გაზის არასაკმარისი გაზის რაოდენობის მიღებაა.
„ამდენად, საქართველოს მხრიდან კონსორციუმისათვის, დაახლოებით, 1,5 მილიარდი კუბური მეტრის გატარებისათვის მილსადენში სივრცის დათმობა, იმედია, მუქთად არ მომხდარა. ეს დამატებითი არგუმენტი უნდა იყოს მომავალი წლიდან ე.წ. „დამატებითი გაზის“ მოცულობის [500 მლნ კუბური მეტრი] შენარჩუნებისა, მეტ-ნაკლებად მისაღებ ფასად“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.
რამდენად შენარჩუნებადია ე.წ. დამატებითი გაზი - 500 მლნ კუბური მეტრი შეღავათიან ფასად?
„წერტილთან“ ინტერვიუში რომან გოცირიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ ე.წ. დამატებითი გაზის კონტრაქტის პირობებზე საქართველომ მოლაპარკებები უნდა გამართოს არა - აზერბაიჯანთან, არმედ „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ მფლობელ კონსორციუმთან, სადაც 30%-მდე წილს ფლობს BP; 21% ეკუთვნის აზერბაიჯანულ „სამხრეთის გაზის დერეფანს“ (SGC) 20%-მდე - რუსულ LUKOIL-ს; 19% კი თურქულ კორპორაცია TPAO-ს და 10% ირანულ NICO-ს.
ყოფილ დეპუტატს ეეჭვება, რომ შექმნილ რეალობაში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმი 2026 წლის შემდეგაც 70-75 დოლარის ფარგლებში მიჰყიდის გაზს საქართველოს. მისი აზრით, ოპტიმალური სცენარი ასეთია:
„ძველი ფასით არავინ არ გააგრძელებს და ალოგიკური იქნება. იმ ფასით თუ მოგვცემს ჩვენ 500 მილიონ კუბურ მეტრ გაზს კონსორციუმი, რა ფასითაც დღეს აზერბაიჯანი გვაწვდის, კომერციულ ფასად. ეს იქნება ოპტიმალური“, - აღნიშნა ყოფილმა დეპუტატმა.
მისი მთავარი მოლოდინი დასავლეთის დონორებისგან და კონსორციუმისგან კი არის, რომ არ მიგვაბან „გაზპრომს“:
„მაინც მგონია, რომ ევროპაც, მათ შორის აზერბაიჯანიც, ჩვენზეც იფიქრებენ - ევროპა ეხსნება რუსულ გაზს და ჩვენ არ მიგვაბამენ „გაზპრომს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ და იქვე დასძინა, რომ თუ 2026 წლის შემდეგ, 500 მლნ კუბური მეტრ გაზს საქართველო საერთაშორისო კონსორციუმისგან ვერ იყიდის, ეს ქვეყნისთვის მხოლოდ ეკონომიკური ტვირთი არ იქნება. „ფინანსური ზარალის გარდა, ეს საქართველოს პოლიტიკურად რუსეთს მიაბამს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ „წერტილთან“ ინტერვიუში.




























