მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენს საქმეს ვაკეთებთ" - ირაკლი ლექვინაძე სურსათის ფასების მონიტორინგზე

ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ სააგენტო მანდატის ფარგლებში მუშაობს და სურსათის ფასებთან ერთად რიტეილ სექტორში კონკურენციის პირობებს აფასებს, თუმცა თავს არიდებს „ტვ პირველის“ კითხვას, რომელიც კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებს ეხება და სატელეფონო საუბრისას ის ჟურნალისტს რიტეილ ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის შედეგების გაცნობას ურჩევს.

„ჩვენი მანდატის ფარგლებში ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ანუ ბაზრის მონიტორინგს ვახორციელებთ, რაც ნიშნავს, რომ ფასებთან ერთად კონკურენციის სათანადო პირობების არსებობას ვაფასებთ. ეს ანგარიშები ღიაა, შეგიძლიათ ჩვენს საიტზე გაეცნოთ“, - აცხადებს ლექვინაძე.

კითხვაზე, აქვთ თუ არა ინფორმაცია შესაძლო კარტერულ გარიგებებზე, ლექვინაძე ასე პასუხობს: „არ გვაქვს ამ ეტაპზე, ვერ დაგიდასტურებთ“.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა. 24 დეკემბერს, სუს-მა სურსათის ფასების საკითხის დეტალური შესწავლის დაწყების შესახებ განაცხადა.

კონკურენციის სააგენტომ FMCG ბაზრის მონიტორინგი 2024 წლის 5 მარტს დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძემდე სურსათის მაღალი ფასებით 2023 წელს ირაკლი ღარიბაშვილიც იყო დაინტერესებული. ექსპრემიერის დავალებით, სურსათის ფასების რეგულირების მიზნით ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის შესაბამისად კანონპროექტს ამზადებდა. სამუშაო ჯგუფში ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, კონკურენციის სააგენტო და სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ.

მაშინ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე აცხადებდა, რომ კანონპროექტის დრაფტი მზად არის და განხილვა უახლოეს მომავალში დაიწყებოდა. თუმცა რამდენიმე თვეში, კონკრეტულად კი 2023 წელის ივლისში ეკონომიკის მაშინდელმა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ახალი კანონის მიღება აქტუალურად აღარ მიაჩნდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები