კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე მიმდინარე მოკვლევა, რომელიც იანვარში დაიწყო, შესაძლოა, სექტემბერში დასრულდეს.
როგორც ლექვინაძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განმარტა, მოკვლევა მაღალი, 300-3000%-იანი ფასნამატების გამო, 8 კომპანიის მიმართ, 14 მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
“გასული წლის დეკემბერში ჯანდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ ინფორმაცია მაღალი ფასნამატების შესახებ. გამოგზავნილი იყო ინფორმაცია 20 მედიკამენტზე. შევაფასეთ და იანვარში დავიწყეთ მოკვლევა. საკმაოდ მაღალი საჭიროების მედიკამენტებია, მათი არეალი მრავალფეროვანია. იდენტიფიცირებულია დაახლოებით 14 მედიკამენტი და 8 კომპანია, რომლებსაც აქვთ დომინანტური მდგომარეობა, მათი ფასნამატები 300-3000%-ის არეალშია. მოკვლევა მიმდინარეობს დომინანტური მდგომარეობის შესაძლო არასათანადო გამოყენების მიმართულებით და ვფიქრობთ, სექტემბრის ჩათვლით გვექნება საბოლოო სურათი და გადაწყვეტილება”, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.
შეგახსენებთ, სააგენტომ სააფთიაქო ქსელებს, შეთანხმებული მოქმედებისთვის, გასული წლის ბოლოს, 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დააკისრა. ამ შემთხვევაში, საქმე ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამას უკავშირდებოდა. ჯარიმები 4 კომპანიას შეეხო:
- ავერსი: 14,402,425 ლარი;
- გეფა - ჯიპისი ფარმადეპო: 20,349,336 ლარი;
- პსპ: 17,094,872 ლარი;
- მერმისი: 951,301 ლარი.
ლექვინაძის თქმით, ოთხივე მათგანს გადაწყვეტილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და პირველი სხდომები სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გაიმართება.