მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი მისიაა სპორტი გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველგან, სადაც ინტერნეტია” - Setanta Sports

Setanta Sports

“ჩვენი მისიაა სპორტი გავხადოთ ხელმისაწვდომი ყველგან, სადაც ინტერნეტია. ასე, საკუთარ თავს ერთადერთ შეზღუდვას ვუწესებთ და ისიც - ინტერნეტია”, - ამის შესახებ Setanta Sports-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა და პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელმა, ლევან გვარამიამ TECH INFORM-ში განაცხადა.

“ამ მხრივაც არის გადაწყვეტები, თუ როგორ შეიძლება ინფრასტრუქტურულად ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც გარკვეული ტიპის შეზღუდვები არის, როგორც სიხშირულ დიაპაზონთან, ასევე ინტერნეტის სისწრაფესთან. ამ ნაწილში ბევრი ვიმუშავეთ და ჩვენი თანამშრომლებისა და გამოცდილების დახმარებით, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან კოლაბორაციის დროს ვიღებთ და იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის თავისებურებები გვესმის, საბოლოო ჯამში, გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ Setanta Sports-ის ხარისხი. შესაბამისად, ჩვენთვის ეს ცალსახად გამართლებული პროექტია, რადგან აქ ხდება სიგნალების მიღება, დამუშავება, კომენტირება და სიგნალის უშუალოდ ჩვენგან გავრცელება, რათა ის კონკრეტულ წერტილში მივიდეს და იქიდან სხვადასხვა რეგიონებში გავრცელდეს”, - ამბობს ლევან გვარამია.

Setanta Sports-ის პროდუქტის განვითარების ხელმძღვანელი ამბობს იმასაც, რომ სწორედ კომპანიის მიერ ბაზრისთვის შემოთავაზებული ხარისხი იყო ის, რამაც კომპანიას გადააწყვეტინა “ნაპოლის” ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშები გასულიყო, როგორც პლატფორმაზე, ასევე ტელევიზიით.

“მომხმარებლების იმ მცირე რაოდენობას, ვინც ჩვენს კონტენტს მხოლოდ ტელევიზორში უყურებს და არა პლატფორმაზე და ვინც, შეიძლება ახალი მომხმარებლები იყვნენ, რომლებიც პლატფორმაზე სწორედ ახლა ადაპტირდებიან “ხვიჩას ეფექტის” გამო, შესაძლებლობა მივეცით, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებისთვის Setanta Sports-ის ხარისხით ედევნებინათ. ამ გადაწყვეტილების მიზეზი სწორედ ეს იყო და ადამიანებს, რომლებიც სპორტს ალღოს ახლა უღებენ, ახლა მოდიან და ცდილობენ, ამ ფერხულში ჩაებან, მივეცით საშუალება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშებისთვის ტელევიზორში Setanta Sports-ის ხარისხით ეყურებინათ”, - განმარტავს ლევან გვარამია TECH INFORM-ში სტუმრობისას.