"ჩვენი მიზანია, ამერიკის ბაზარზე მოვხვდეთ პრემიალურ და საშუალო საფასო კატეგორიაში" - ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოზიციონირების საკითხზე ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა ყველიაძემ ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ, თავად სააგენტო ავრცელებს.
როგორც მან აღნიშნა, ქართული ღვინისთვის აშშ ერთ-ერთი მაღალფასიანი ბაზარია, რაც ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, რაც განაპირობა სხვადასხვა ფაქტორმა, მათ შორის იმან, რომ აშშ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველაზე დიდი სამომხმარებლო ბაზარია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში საკუთარ ღვინოს აწარმოებენ, იმპორტირებულ ღვინოსაც დიდი რაოდენობით მოიხმარენ. ჩვენი მიზანია, ამერიკის ბაზარზე მოვხვდეთ პრემიალურ და საშუალო საფასო კატეგორიაში. აშშ ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი ბაზარია ქართული ღვინისთვის, სადაც ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ფასი 6 აშშ დოლარის ფარგლებშია, რაც ქართული ღვინის მაღალი ხარისხზე და მასზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს. ქართული ღვინის ხარისხი შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ის კონკურენტუნარიანია მსოფლიო ბაზრებზე", - განაცხადა თამთა ყველიაძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მიმდინარე წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ აშშ-ში განხორციელებული მარკეტინგული აქტივობები შეაფასა და აღნიშნა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოდგენილი 5 სხვადასხვა გამოფენაზე.
"ჩვენი მარკეტინგული კამპანიის მიზანია, კიდევ უფრო ავამაღლოთ საქართველოს და ქართული ღვინის ცნობადობა ამერიკის ბაზარზე. ჩატარებული გამოფენები წარმატებული იყო, დიდი იყო დაინტერესება ქართული ღვინის მიმართ; გვყავდა უამრავი ვიზიტორი, რომლებიც პირველად გაეცნენ ქართულ ღვინოს. წელს, თებერვლიდან დავიწყეთ მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანია; გასულ წლებში უფრო მეტად კომერციული სექტორზე ვიყავით ორიენტირებული. დაგროვილმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მომავალ წელს მარკეტინგული კამპანია აქტიურად უნდა გავაგრძელოთ როგორც კომერციულ სეგმენტში, ისე მომხმარებლებში", - განაცხადა მან.
ღვინის სააგენტოს ინფორმაციით, შემოდგომაზე ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო შემდეგ ღონისძიებებზე: ქართული ღვინის მასშტაბურ დეგუსტაციაზე „Wines of Georgia Grand Tasting“ (ლოს-ანჯელესი), ღვინის საერთაშორისო ფესტივალზე „Karakterre“ (ნიუ-იორკი), ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე „Orange Glou Fair“ (ნიუ-იორკი), ქართული ქარვისფერი ღვინის პირველი ფესტივალზე „Amber Georgia” (ნიუ-იორკი), ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Wine NYC” (ნიუ-იორკი).
საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან აშშ-ში $4.9 მილიონი დოლარის ღირებულების 793.2 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო გავიდა. ეს 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
გასული წლის 10 თვეში საქართველოდან $6.4 მილიონის ღირებულების 1 074.3 ტონა ღვინო გავიდა შეერთებული შტატების მიმართულებით - თანხაში კლება 23.4%-ია, მოცულობაში კი - 26%.



























