მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია, დიდი შესყიდვები მთლიანად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ გადაიბაროს - ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, მსხვილი სახელმწიფო შესყიდვები სრულად ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ უნდა გადაიბაროს.

პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებებით, 2026 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება დამოუკიდებელი უწყება სახელწოდებით - ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს. მისი თქმით, მთავრობა განსაზღვრავს შესასყიდ კრიტერიუმებს და თუკი მაგალითად მომსახურების ღირებულება 1 მილიონ ლარზე მაღალი იქნება, ტენდერს კონკრეტული მხარჯავი უწყების ნაცვლად ცენტრალური შემსყიდველი ორგანო გამოაცხადებს. ამასთან, ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ახალი უწყება კეთილსინდისიერი თანამშრომლებით დაკომპლექტდება, რაც სახელმწიფოს გადახარჯვის და წარუმატებელი შესყიდვების რისკს აარიდებს თავიდან.

„გვსურს, რომ მომავალი წლის ივნისიდან ავამოქმედოთ ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება - ეს არის, მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ვალდებულება. როგორც იცით, ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ ყველა იმ ვალდებულებას შევასრულებთ, რაც ასოცირების შეთანხმებიდან გვაქვს აღებული. რეალურად, ქვეყანასაც სჭირდება ეს. იარსებებს ცენტრალიზებული შესყიდვების ერთი ორგანო და კონკრეტული მომსახურებისა, თუ საქონლის მიმართულებით იქნება კონკრეტული მარჟები დადგენილი. მაგალითად, თუ საქმე ეხება ლეპტოპის შესყიდვას, თუკი ამ ლეპტოპების საერთო ღირებულება არის 500 000, ან 1 მლნ, უკვე ეს უწყება იყიდის და არა კონკრეტული სამინისტრო. პასუხისმგებელი იქნება ერთი უწყება, ერთი ადამიანი და ეს უწყება, რასაკვირველია, დაკომპლექტდება ძალიან კეთილსინდისიერი და ძალიან პროფესიონალი ადამიანებით, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ სახელმწიფო საჯარო შესყიდვების მიმართულებით. შესაბამისად, ყველა დიდი შესყიდვა გადმოვა აქეთ მხარეს და ეს სამინისტროებისთვისაც, კონკრეტული სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ებისთვისაც ძალიან კომფორტულია, იმიტომ რომ ფაქტობრივად პასუხისმგებლობას აიღებს ეს უწყება. გააკეთებენ შეკვეთას და ეს უწყება გააკონტროლებს - ხომ არ არის პირობები მორგებული, ბაზრის კვლევას, ყველაფერს თვითონ გააკეთებს და ტექნიკურ პირობებსაც თვითონ ნახავს,"- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო ასევე განახორციელებს მონიტორინგს მიწოდებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგის ნაწილი - შეიძლება ტენდერი შედგეს, ხელშეკრულებას ხელი მოეწეროს, მაგრამ ამის შემდეგ მონიტორინგია ძალიან მნიშვნელოვანი. ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო განახორციელებს მონიტორინგს მიწოდებასთან და ხელშეკრულების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით. ამაში ჩართული იქნება ასევე მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი. ასევე, გარკვეული ხარვეზები გვქონდა შემდგომი ხელშეკრულებების მართვასთან დაკავშირებით, იგივე ვადაგადაცილებებთან, ვადის გაგრძელებასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში როგორი პოლიტიკა უნდა იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ხელშეკრულების ხარისხიანი შესრულება და ასევე ჯარიმებმა, რაც ეკისრება კომპანიებს, არ უნდა გააჩეროს კომპანია. ძალიან მნიშვნელოვანია, სწორი პოლიტიკა არსებობდეს ჯარიმების დარიცხვაზე. ჯარიმა არ შეიძლება, იყოს თვითმიზანი. ამ ყველაფრის მონიტორინგსაც მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტთან ერთად გააკეთებს ცენტრალიზებული შესყიდვების სააგენტო, რომელიც 2026 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. ჩვენი მიზანია, დიდი შესყიდვები მთლიანად ამ უწყებამ გადაიბაროს და პასუხისმგებელი იყოს ამაზე და თუკი რაიმე ხარვეზი იქნება, ამ უწყებას მოვთხოვოთ და გარდა ამისა, გავაკონტროლოთ თუ რამდენად სწორად იმართება ხელშეკრულებები“, - ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

უფრო დეტალურად ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნის შესახებ წაიკითხეთ სტატიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები