დეველოპერული კომპანია Pontus-ი, სასტუმროთა საერთაშორისო ოპერატორ Rotana-სა და იტალიურ არქიტექტურულ ბიურო NOA-სთან (Network of Architecture) პარტნიორობით, გუდაურში ახალ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.
“Caucasus mandili", რომელიც Rotana-ს ბრენდის პირველი სამთო-სათხილამურო სასტუმრო იქნება, მიზნად კურორტის ახალი ვიზუალური იდენტობის ჩამოყალიბებას ისახავს. პროექტის დეტალების, პარტნიორების შერჩევის პროცესისა და სამომავლო გეგმების შესახებ "პონტუს კაპიტალის" დამფუძნებელმა, ირაკლი ვარშალომიძემ BMG-ის გადაცემა "ბიზნესის კვირეულში" ისაუბრა.
ირაკლი ვარშალომიძის განმარტებით, საინვესტიციო და დეველოპერული თვალსაზრისით, გუდაურის შერჩევა კურორტის ბუნებრივმა უპირატესობებმა განაპირობა. მისი თქმით, გუდაური არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით (მეზობელი ქვეყნების ჩათვლით) ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ლოკაციად ითვლება სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებისთვის.
"გუდაურის განვითარება 80-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ჩვენი რეგიონის სხვა სამთო-სათხილამურო კურორტებთან შედარებით, ის საკმაოდ ახალგაზრდაა, თუმცა პოტენციალის თვალსაზრისით, მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. ამ განსაკუთრებულობას განაპირობებს მაღალი მდებარეობა ზღვის დონიდან და გრძელი სათხილამურო სეზონი. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ ეს პოტენციალი და შესაძლებლობები, ავირჩიეთ ეს ლოკაცია და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვცდილობთ შევქმნათ რაღაც უნიკალური და გამორჩეული", - აღნიშნა ვარშალომიძემ.

მისივე განმარტებით, პროექტის იდეა გასულ წელს გაჩნდა, როდესაც Rotana-ს მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ერთად კურორტს ეწვია, ადგილზე არსებული მდგომარეობა შეისწავლა და საერთაშორისო სტანდარტების სერვისებისა თუ ინფრასტრუქტურის დეფიციტი დააფიქსირა.
"პონტუს კაპიტალის" დამფუძნებელმა პარტნიორების შერჩევის პროცესზეც გაამახვილა ყურადღება. Rotana-სთან კომპანიას უკვე სამწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც გრძელვადიან გეგმებს ეფუძნება. რაც შეეხება იტალიურ არქიტექტურულ ბიურო NOA-ს, პროექტში მათი ჩართვა მიზანმიმართული ძიების შედეგი იყო.
როგორც ირაკლი ვარშალომიძე ჰყვება, თავდაპირველად არქიტექტურული კომპანიების 10-მდე კანდიდატურა განიხილებოდა. მთავარი კრიტერიუმი იყო ისეთი პარტნიორის პოვნა, რომელსაც ექსპერტიზა და გამოცდილება სწორედ სამთო-სათხილამურო პროექტების მიმართულებით ექნებოდა:
"NOA-ს დამფუძნებელი ლუკასი თავად დაიბადა სამთო-სათხილამურო კურორტზე, დღესაც იქ ცხოვრობს და კომპანიას ბოლცანოს რეგიონში ავითარებს, რომელიც მსოფლიოში ძალიან ცნობილი ადგილია. მიზეზი, რის გამოც NOA-სთან ერთად ვართ, არის მისი პირადი გამოცდილება, ის პროექტები, რომლებიც მათ უკვე გამოიტანეს ბაზარზე და ის პერსონალური ხედვა, რომელიც ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა."

საპროექტო გეგმის მიხედვით, კომპლექსი დაახლოებით 400 ნომერს მოიცავს, თუმცა აქცენტი მხოლოდ სასტუმროს ოთახების რაოდენობაზე არ კეთდება. კომპლექსის თითქმის ნახევარი ინფრასტრუქტურას დაეთმობა, რაც კურორტისთვის არსებითი მნიშვნელობისაა.
"ჩვენი მიზანია შევქმნათ კომპლექსი და ლოკაცია, რომელმაც გუდაური ოთხსეზონიან მიმართულებად უნდა აქციოს. ეს არის საკითხი, სადაც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით კომპრომისზე არ წავალთ. ჩვენ ფოკუსირებულები არ ვართ მხოლოდ ნომრებზე; კომპლექსის თითქმის ნახევარი ინფრასტრუქტურას დაეთმობა. სწორედ ინფრასტრუქტურამ უნდა აქციოს ის ოთხი სეზონის ჰაბად," - განმარტა ვარშალომიძემ.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტის ვიზუალურ იდენტობას და მის ქართულ სახელს - "კავკასიონის მანდილი".
"გვინდოდა შეგვექმნა მთის ისეთი მიმართულება, რომელიც ადამიანების მეხსიერებაში აღიბეჭდება. როდესაც ტურისტები სახლში დაბრუნდებიან - იქნება ეს საქართველოში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა თუ აზიაში - ეს ადგილი მათ გონებაში უნდა დარჩეს, რათა კვლავ უკან დაბრუნებაზე იფიქრონ. ჩვენ ვთავაზობთ არა უბრალოდ უძრავ ქონებას, არამედ ემოციებს", - ამბობს "პონტუს კაპიტალის" დამფუძნებელი.

"პონტუს კაპიტალი" მიმდინარე პროექტის პარალელურად პორტფოლიოს გაფართოებასა და საინვესტიციო არეალის გაზრდაზეც მუშაობს. ირაკლი ვარშალომიძის თქმით, კომპანიის ბიზნესის განვითარების გუნდი ახალი პროექტებისთვის საინტერესო ლოკაციებს მუდმივად ეძებს.
"ამჟამად გვაქვს ორი პროექტი, რომელიც დამუშავების პროცესშია. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია საზოგადოებასაც გავუზიაროთ. ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ განვითარებას და ნაბიჯ-ნაბიჯ ვთავაზობთ საინტერესო პროექტებსა და იდეებს ჩვენს ინვესტორებსა და ქვეყანას", - აღნიშნა ირაკლი ვარშალომიძემ.
ცნობისთვის, Pontus-ისა და Rotana-ს პარტნიორობით საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა გონიოში უკვე მიმდინარეობს.




























