მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან"

5daff1912ee9e
თელარა გელანტია
23.10.19 10:20
647
„ყველამ იცის, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია, რადგან ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს და ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მეორე დღეს მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ნება მიბოძეთ აქცენტი გავაკეთო საქართველოზე, რათა ყველამ სრულად გავაცნობიეროთ რამდენად თავსებადია „ახალი აბრეშუმის გზის“ ინიციატივა ჩვენს ფართო მასშტაბიან ინიციატივასთან. ჩვენი მთავრობის მთავარი მიზნებია მეტი სამუშაო ადგილის შექმნა, ძლიერი საშუალო კლასის შენება, მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა.
უსფართხოებისთვის ძალისხმევის გაერთიანება სჭირდება ძლიერ ეკონომიკას და აქ ჩვენ გთავაზობთ კაპიტალდაბანდების, ვაჭრობის და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას და ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობას ეფუძნება. საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა. ჩვენი მიზანია, ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან. საქართველო დგამს კონკრკეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობები იქონიოს ყველა პარტნორთან რეგიონში და მის ფარგლებს მიღმა“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ აბრეშუმის გზის ფორუმი დაეხმარება მონაწილეებს ახლებურად გაიაზრონ ეს რეგიონი და საქართველო.

ცნობისთვის: "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით ტარდება.

ფორუმი მთავრობებსა და ბიზნესებს შორის მაღალი დონის დიალოგს წარმოადგენს, ეს არის პლატფორმა სახელმწიფოს, ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები