მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია, პატიმრების რაოდენობა 1/3-ით შემცირდეს - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პატიმრების დაახლოებით 10%-ის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითვალისწინებს. საბოლოო ჯამში კი, მთავრობის მიზანია, რომ ამნისტია პატიმრების 1/3-ს შეეხოს და ციხეებში მსჯავრდადებულთა რაოდენობა შემცირდეს.

„შინაარსობრივად, ეს არის საკმაოდ დაბალანსებული ამნისტიის აქტი, რომელიც ერთი მხრივ, არის მცდელობა იმის, რომ განაცხადი, რაც პრემიერმა მისი არჩევის და შემდეგ წლიური ანგარიშის დროს გაიმეორა, შესრულდეს და პატიმართა რიცხვის შემცირების მხრივ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ჩვენ გარკვეულწილად შიდა მიზანიც დასახული გვაქვს, რათა საბოლოო ჯამში, პენიტენციურ სისტემაში მყოფი პირების რაოდენობა 1/3-ით შემცირდეს. ამნისტიით, დაახლოებით 10%-მდე პატიმარს შეეხება დაუყოვნებლივ გათავისუფლება, საერთო ჯამში კი, სხვადასხვა სახით პატიმართა 1/3-ს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე.

ბიუროს სხდომაზე „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პაპუაშვილს მიმართა ინიციატივით, ამნისტიის დაანონსების გამო კანონის განხილვა ზაფხულშივე დასრულდეს, და პატიმრებიც, რომლებიც გათავისუფლებას ელოდებიან, მალევე დაუბრუნდნენ სახლებს. აღნიშნულ ინიციატივას, პარლამენტის თავმჯდომარემ შემდეგნაირად უპასუხა:

„ვინაიდან ეს ახალი კანონია, დაჩქარებული წესით ვერ იქნება განხილული, პროცედურულად ამას სჭირდება მინიმუმ სამი კვირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ კანონს აგვისტოს შუა რიცხვებამდე ვერ მივიღებთ. იურიდიულად ვერ შევძლებთ. იმ გრაფიკით კი, რომლითაც მივდივართ, სექტემბერი არის განსაზღვრული. შეძლება ვეტოც იყოს გამოყენებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამნისტიის შესახებ კანონპროექტი უკვე დაინიცირებულია და ის ბიუროზე მომავალ კვირას გავა, შემდეგ კი კომიტეტებში გადაინაცვლებს. პაპუაშვილის თქმით, მის განსახილველად საჭირო იქნება რიგგარეშე სესია.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, 9 568 პატიმარი (წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფთა ჩათვლით) იმყოფებოდა. ევროპის საბჭოს ანგარიშის მიხედვით, 100 000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში თურქეთის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები