მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ოცნებამ" ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დააინიცირა - ვინ გათავისუფლდება/არ გათავისუფლდება სასჯელისგან?

ამნისტია

„ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

კანონპროექტი პარლამენტის ვებგვერდზე ჯერ ატვირთული არ არის.

იონათამიშვილის თქმით კი, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. ამასთანავე, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირდება პატიმრობის ვადა დამატებით დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.

პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს: პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებას; სასჯელის ½ შემცირებას; სასჯელის ¼ შემცირებას; სასჯელის 1/6 შემცირებას და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირებას.

„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბატონმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტში წლიური ანგარიშის განხილვისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამზადებდა კანონის პროექტს „ამნისტიის შესახებ“, რომლის მიზანიც იქნებოდა პატიმართა რაოდენობის ევროპულ სტანდარტთან დაახლოება.

დღეს, მინდა საზოგადოებას განვუცხადო, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა დაბალანსებული „ამნისტიის პროექტი“, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება და ამავდროულად: აზღვევს რეციდივის რისკებს; ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესებს; შეესაბამება საერთაშორისო-სამართლებრივ სტანდარტებს; თანხვედრაშია სისხლის სამართლის პოლიტიკის პრიორიტეტებთან; ქმნის რესოციალიზაციის ხელშემწყობ პირობებს" - თქვა იონათამიშვილმა.

მისივე თქმით, ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს; ნარკორეალიზატორებს; სქესობრივ დანაშაულებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს;კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს; ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს; ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

"აღსანიშნავია, რომ ამნისტიის პროექტით სიახლის სახით არის გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა რაოდენობას, რომელიც ჰუმანიზმის პრინციპების დაცვით, მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს.

ვის შეეხება და ვის არ შეეხება აღნიშნული ინიციატივა? - ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს; ნარკორეალიზატორებს; სქესობრივ დანაშაულებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს;კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს; ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს; ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია განსაკუთრებულ მიდგომას ნერგავს პრობაციონერების მიმართ და პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს, რაც წარმოადგენს სიახლეს ამნისტიის წინა პროექტებთან შედარებით.

რაც შეეხება კანონის მიღების ვადებს, მისი პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე.
აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მიზანია პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე. შესაბამისად, კანონის პროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში და თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ, მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენების დროს გავიზიაროთ.

და ბოლოს, განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა აქტიური ჩართულობით შემუშავდა დაბალანსებული ამნისტიის წინამდებარე პროექტი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, 10-ე მოწვევის პარლამენტში, ამნისტიის ინიციატივა "გირჩს" ეკუთვნის, რომელიც ამ მიზნით კონსულტაციებს ყველა მხარესთან მართავდა და "ქართულ ოცნებას" მოუწოდებდა, გადაედგათ ეს ნაბიჯი, რომელიც ერთი მხრივ სამართლიანია, ხოლო მეორე მხრივ, წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებაში დაეხმარებოდათ.

"მნიშვნელოვანია, პატიმართა რაოდენობა სერიოზულად შემცირდეს" - მთავრობა "ამნისტიის კანონის" მიღებას გეგმავს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები