მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია, რეგიონებში ავარიული დაზიანებები და ელექტროენერგიის წყვეტა მინიმუმამდე შემცირდეს - ნარმანია

ნარმანია

სემეკის თამჯდომარის განცხადებით, მარეგულირებლის მიზანია რეგიონებში ავარიული დაზიანებები და ელექტროენერგიის წყვეტა მინიმუმამდე შემცირდეს - ამის შესახებ დავით ნარმანიამ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს ელექტროენერგიის განახლებული ტარიფი უნდა დაამტკიცონ.

სხდომაზე სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანია იმ კომპონენტებზე ისაუბრა, რასაც ტარიფის ფორმირებაზე აქვს გავლენა.

„ჩვენი მიზანია, მომავალში რეგიონებში მინიმუმამდე შემცირდეს ავარიული დაზიანებები და ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ საინვესტიციო კომპონენტი ისე განისაზღვროს, რომ მის მოცულობას ტარიფზე არსებითი გავლენა არ ჰქონდეს. გარდა ამისა, დავაზუსტეთ გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში გამოსამუშავებელი ენერგიის მოცულობები.

ელექტროენერგიის დამტკიცებულმა ბალანსმა საშუალება მოგვცა თითოეული ტიპის გენერაციის ობიექტის მიხედვით განგვესაზღვრა ენერგიის ფასი. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სხდომაზე ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი წარადგენს შესაბამის გაანგარიშებებს. პრეზენტაცია შეეხება როგორც განხორციელებული ინვესტიციების გავლენას ტარიფზე, ისე ენერგობალანსებისა და ელექტროენერგიის მიწოდების კომპონენტების ასახვას საბოლოო ღირებულებაში.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, რაც დიდწილად იმპორტზე დამოკიდებულებას განაპირობებს. შესაბამისად, ძვირად ღირებული იმპორტის მოცულობა პირდაპირ აისახება ელექტროენერგიის თვითღირებულებაზე. ამასთანავე, რეგიონებში ქსელის მოწესრიგების მიზნით, აუცილებელია საინვესტიციო პროექტების გაგრძელება. კომპანია „ენერგო-პროს“ მიერ რეგიონებში განხორციელებული საინვესტიციო აქტივობა მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ყველაფერი ტარიფზე შესაბამის გავლენას ახდენს.

სწორედ ამ პარამეტრებსა და მოცულობებზე დაყრდნობით წარადგენს დეპარტამენტი პრეზენტაციას, რის შემდეგაც კომისია იმსჯელებს ახალი სამომხმარებლო ტარიფების დადგენაზე, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში", - განაცხადა ნარმანიამ კომისიის სხდომის დაწყებამდე.

აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელ კომისიას დენის ტარიფი 2025 წლის დეკემბერში უნდა გადაეხედა. ნარმანია თვეების განმავლობაში აანონსებდა, რომ ელექტროენერგია გაძვირდებოდა, რასაც ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებით ხსნიდა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ 25 დეკემბერს იმედი გამოთქვა, რომ დენის ტარიფის შენარჩუნება მოხერხდებოდა. მოგვიანებით, 29 დეკემბერს კი კომისიამ მოქმედი ტარიფების 3 თვით შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ელექტროენერგიის ტარიფებს ბოლოს სემეკმა 2023 წელს გადახედა. მაშინ არსებული ტარიფი როგორც ბიზნესისთვის ისე საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის 3 თეთრით შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები