აპრილიდან საქართველოში მოსახლეობას 5 თეთრით, ხოლო ბიზნესს 6 თეთრამდე გაზრდილი ელექტროენერგიის ტარიფის გადახდა მოუწევს. ჯამში საქართველოში დენი 17-დან 33%-მდე არის გაძვირებული და ირანის ომის გამო, ბოლო ერთ თვეში თითქმის 45 თეთრით გაძვირებულ ბენზინს ახლა ელექტროენერგიაც დაემატა. გაზრდილი კომუნალური ხარჯი მოსახლეობისთვისაც და ბიზნესისთვისაც მძიმე ტვირთია და ინფლაციაზეც აისახება. სემეკში ირწმუნებიან, რომ გაძვირება გარდაუვალი იყო და "ენერგოპრო ჯორჯიასთვის" საინვესტიციო გეგმა რომ არ შეემცირებინათ, ფასი მოსახლეობისთვის 6 თეთრით მოიმატებდა.
საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი კომპონენტისგან შედგება: ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება, გადამცემი ინფრასტრუქტურის ტარიფი და სახელმწიფო გადასახადები, ანუ დამატებითი ღირებულების გადასახადი.
აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი ის ფასია, რასაც ელექტროენერგიის მიმწოდებლები დენში თავად იხდიან. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რამდენად თვითკმარია ქვეყანა. ამ კუთხით საქართველოს ენერგოსისტემას პრობლემა აქვს, რადგან შემოდგომა-ზამთრის თვეებში მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმპორტით და თბოსადგურებით ხდება. რადგან საქართველოს საკუთარი გაზი არ გააჩნია, თბოსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიაც იმპორტია.
ET SYNERGY-ის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ იმპორტთან ერთად ადგილობრივი ჰესებიდან შესასყიდი დენი, მათ შორის PPA ხელშეკრულების მქონე ჰესების წარმოებაც გაძვირდა.
"არსებულ ვითარებაში ტარიფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულებაა. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება როგორც იმპორტის, ისე ადგილობრივი გენერაციის კუთხით. ზრდას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ქვეყანაში PPA ხელშეკრულებები, ჰესების მიერ გამომუშავებული ენერგიის წილის მატება, რომლის შესყიდვის ვალდებულებაც სახელმწიფოს აქვს აღებული. ჯამურად, ეს ქმნის სურათს, სადაც ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი შესასყიდი ფასი კომპანიებისა და კვალიფიციური მომხმარებლებისთვის იზრდება, რაც ცალსახად უარყოფითად აისახება როგორც ინფლაციაზე, ისე ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე", - ამბობს ლომინაძე.
სტატისტიკა აჩვენებს, შარშან საქართველოში ჯამში 14.8 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა. აქედან ადგილობრივად გამომუშავებული 13.8 მლრდ კვტ.სთ იყო. 2.7 მლრდ კვტ.სთ თბოსადგურებმა გამოიმუშავეს, ხოლო ჰესების გამომუშავებამ 11 მლრდ კვტ.სთ შეადგინა. ელექტროენერგიის მიღების სხვა წყარო ქვეყანას არ გააჩნია.
სისტემაში მცირე ქარის და მზის სადგურებიც გვაქვს, თუმცა მათი გამომუშავება უმნიშვნელოა. საქართველოში ძირითადად სეზონური ან მცირე ჰესები აქვს, შესაბამისად ელექტროენერგიის სიჭარბე გაზაფხულზე და ზაფხულშია, დანარჩენ თვეებში მოთხოვნა იმპორტით ბალანსდება.
მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ სახელმწიფომ ისეთი ჰესების მშენებლობა უნდა წაახალისოს, რომლებიც ელექტროენერგიას შემოდგომა-ზამთრის თვეებში გამოიმუშავებენ, ანუ მაშინ, როცა დენი რეალურად გვჭირდება. შარშან საქართველომ 300 მლნ კვტ.სთ-ით მეტი, ჯამში 1.5 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია იყიდა, ძირითადად რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ აქ ოკუპირებული აფხაზეთისთვის ნაყიდიც შედის.
"ჩვენ გვჭირდება ისეთი ობიექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოსისტემას დაეხმარება იმ სეზონურ პერიოდებში, როდესაც საქართველოში ელექტროენერგიის ისტორიული დეფიციტია. არ უნდა მივიღოთ ჭარბი გენერაცია მაშინ, როცა წყალუხვობის გამო რესურსი ისედაც საკმარისია და როგორც ბოლო წლებმა აჩვენა, ასეთ დროს წყლის დაღვრაც კი გვიწევს. სწორედ ამიტომ, გადამწყვეტია სწორი სტრატეგიის შემუშავება მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რა გზით მივდივართ და კონკრეტულად რა ტიპის გენერაციის ობიექტები გვჭირდება", - გვეუბნება ლომინაძე.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია ტარიფის ზრდის ერთ-ერთ მიზეზად შიდა წარმოების არქონას ასახელებს.
"ტარიფის ზრდის ძირითადი მიზეზებია გაზრდილი მოხმარება, ენერგიის მაღალი ფასი და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ელექტროენერგიაზე. გარდა ამისა, გათვალისწინებულ იქნა ინვესტიციების მხოლოდ ოპტიმალური მოცულობა, რათა ერთი მხრივ, ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, ხოლო მეორე მხრივ გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის", - აცხადებს ნარმანია.
მონაცემები აჩვენებს, რომ ტარიფის მთავარი კომპონენტი ელექტროენერგიის შესყიდვის ღირებულება გაზრდილია. Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი მოხმარებისა და ენგური- ვარდნილის ტარიფების ზრდა იყო. გაზრდილია ხრამი 1-ისა და ხრამი 2-ის ტარიფიც. გაძვირდა საბალანსო ელექტროენერგიაც. აქედან გამომდინარე, ტარიფის ზრდის მიზეზი მხოლოდ კომპანიების საინვესტიციო ხარჯები არ იყო.
დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელთან შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის მიხედვით, შემდეგ ხუთ წელში ენერგოკომპანიები ჯამში 1.4 მლრდ ლარის ინვესტირებას განახორციელებენ. ვიდრე სემეკი გეგმას შეამცირებდა, „ენერგო პრო ჯორჯია“ ქსელის რებილიტაციისთვის და არა მხოლოდ, მომდევნო ხუთ წელში დაახლოებით 1.5 მლრდ ლარის დახარჯვა ჰქონდა განზრახული.
"რაც შეეხება „ენერგო-პროს“ ქსელს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო წლიური 300 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია, თუმცა კორექტირების შედეგად საშუალო წლიურ მაჩვენებლად 200 მილიონი ლარი დამტკიცდა. შესაბამისად, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ხუთწლიანი საინვესტიციო გეგმა 1 მილიარდ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მთავრობასთან კონსულტაციების საფუძველზე, „ენერგო-პრომ“ აიღო დამატებითი ვალდებულება: კომპანია სამი წლის განმავლობაში, საშუალოდ წლიურად, დამატებით 43 მილიონ ლარს დახარჯავს ისე, რომ ამ თანხის ასახვას ტარიფში არ მოითხოვს. ჯამში, რეგიონების მომხმარებელთა კეთილდღეობისა და მომსახურების გაუმჯობესებას დამატებით 129 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც ტარიფზე გავლენას არ მოახდენს", - ამბობს ნარმანია.
სემეკთან შეთანხმებით "ენერგო პრო ჯორჯიამ” გადამცემი ქსელის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშავოს.
"ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. თუმცა მზად ვართ, თითოეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც საბოლოო ჯამში, არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს", - სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა "ენერგო პრო ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ გრიგოლ მამისეიშვილმა.
დენის ტარიფის ზრდა სემეკს გასული წლის დეკემბერში ჰქონდა განზრახული, თუმცა პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ გადაწყვეტილება გაზაფხულამდე გადაწია. Galt & Taggart-ის დათვლებით ელექტროენერგიაზე გაზრდილი ფასი ინფლაციაზე 0.7 პროცენტული პუნქტით აისახება. ფასების ზრდაზე გავლენა საწვავის გაძვირებასაც ექნება.




























