საქართველოში მთავრობას და არაბ პარტნიორებს, Eagle Hills-ის პროექტებში ქართველებსა და უცხოელებზე ბინების გაყიდვების განაწილების განსხვავებული მოლოდინები აქვთ. ასე უპასუხა პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა Eagle Hills-ის ორი მასშტაბური პროექტის განხორციელების შემდეგ მიგრაციის რისკების შესახებ დასმულ კითხვას.
მან განმარტა, რომ Eagle Hills-ის დამფუძნებლის მოლოდინები ამ კომპანიის გამოცდილებას და მსოფლიოში კარგად გამართულ მარკეტინგულ ქსელს ეფუძნება, თუმცა კობახიძე ქვეყანაში ბინების გაყიდვების ოფიციალურ სტატისტიკას იშველიებს და ამბობს, რომ უცხოელებზე 20%-ზე მეტი არ გაიყიდება.
„Eagle Hills-ის ორივე პროექტით დაახლოებით 16 000 ბინა აშენდება. კომპანიის დამფუძნებელმა ბატონმა მოჰამედ ალაბარი დაახლოებით 60% საერთაშორისო კლიენტებზე გაყიდვას ვარაუდობს. ეს ეფუძნება კომპანიის პრაქტიკას და იმას, რომ მათ მსოფლიო მასშტაბით ძალიან კარგად აწყობილი მარკეტინგული ქსელი აქვთ. მან ეს როგორც დამატებითი ეკონომიკური ეფექტი ისე წარმოაჩინა, რაც მეტია უცხოელი მყიდველი, მით მეტია გარედან ეკონომიკაში შენატანი, თუმცა ჩვენი მოლოდინი ამ შემთხვევაში ცოტა განსხვავებულია. საქართველოში არის ასეთი სტატისტიკა, როცა ქვეყანაში ბინები შენდება, დაახლოებით, 80%-ს საქართველოს, 20%-ს კი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ.
ჩვენ გვაქვს ლოგიკური მოლოდინი, რომ ქართველი მყიდველების პროცენტული მაჩვენებელი ამ პროექტში დაახლოებით იგივე იქნება, რაც გვაქვს სტანდარტულად სხვა პროექტების შემთხვევაში - 80%-თან ახლოს. დანარჩენი დაველოდოთ გაყიდვების სტატისტიკას. შესაბამისად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ არანაირი არაბული, გერმანული თუ რუსული ქალაქი არ შენდება, შენდება 2 ულამაზესი უბანი თბილისისა და ბათუმის მიმდებარედ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და იქვე დასძინა: „რაც შეეხება მიგრაციას, გასული წლის განმავლობაში უცხოელებზე 60 000 ბინა გაიყიდა, რასაც დემოგრაფიაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია“
Eagle Hills-ის თბილისის და გონიოს პროექტებში ბინების მაღალი ღირებულების შესახებ ოპონენტების შეფასების საპასუხოდ კი „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მათემატიკა მათი ძლიერი მხარე არ არის.
„ჩვენი ოპონენტები სპეკულირებენ, რომ ბინის ფასი იქნება საკმაოდ მაღალი და საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ამ პროექტში ბინების შეძენის შესაძლებლობა და ერთი და იგივე რიცხვებს ატრიალებენ, აქედანაც ჩანს რომ კოორდინირებული კამპანიაა. აცხადებენ, რომ 1 კვ.მ. 12 000 დოლარი ეღირება ბინა გონიოში და კრწანისში, რაც არაფერს არ ეფუძნება. მათემატიკა ამ ადამიანების ძლიერი მხარე არ არის.
მარტივად რომ დავთვალოთ 16 000 ბინა საშუალოდ რომ ავიღოთ 100 კვ.მ. გამოდის 1 600 000 კვ.მ. გასაყიდი ფართი, ეს ყველაფერი 1 კვ.მ. 12 000 დოლარად რომ გაყიდოს კომპანიამ გამოდის რომ შემოსავალი მხოლოდ ბინების ნაწილში, სასტუმროებს და კომერციულ ფართებს არ ვთვლი, უნდა იყოს 19.2 მლრდ დოლარი. ამ შემთხვევაში რამხელა მოგებაზე უნდა გავიდეს კომპანია - საუბარი კოლოსალურ მოგებაზე, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მოგების სახით არამხოლოდ 2 მლრდ ლარი, არამედ დაახლოებით 4 მლრდ დოლარი ექნება, რა მასშტაბით არიან აცდენილი ჩვენი ოპონენტები. ბინების ფასი რეალურად ბევრად ნაკლები იქნება“, - თქვა კობახიძემ.




























