მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს დაახლოებით 7.5%-ით გაიზრდება - ვახტანგ ცინცაძე

ვახტანგ ცინცაძე

„ველოდებით, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს იქნება იმაზე უფრო მაღალი, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ. ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს დაახლოებით 7.5%-ით გაიზრდება,“ - ამის შესახებ "ოცნების" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ის კონკურენტული უპირატესობა, რაც საქართველოს აქვს შუა დერეფნის განვითარების კუთხით. ვახტანგ ცინცაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მაღალ კაპიტალურ ხარჯებზე, რომელთაც, მისი ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკა მომდევნო წლებშიც შეინარჩუნებს იმ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკისთვის ტრანსფორმაციული იქნება. მან ასეთ პროექტებს შორის დაასახელა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვა. „ეს პროექტები საქართველოს ეკონომიკის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის, ხელს შეუწყობს ეკონომიკაში კერძო ინვესტიციების მოზიდვას, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების დონეს აამაღლებს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, უპირველესად, მთავრობის სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა უზრუნველყოფს.

„ეს არაერთხელ დაამტკიცა საქართველომ და მისმა მთავრობამ, როდესაც ყველა საგარეო თუ საშინაო შოკს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკით უპასუხა. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა პოსტპანდემიურ პერიოდში, როცა საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად მე-5 ადგილზეა. ეს არის ფაქტორები, რაც განაპირობებს საქართველოს სწრაფ და კონკურენტუნარიან განვითარებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები