ლიბერალური პარტიების ალიანსი ALDE ("ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის") საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და საერთაშორისო ორგანიზაციების დაკვირვებით ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
"ჩვენი მოთხოვნა ცალსახაა: ხელახალი არჩევნები საერთაშორისო დაკვირვებით. ეს მხოლოდ ბრძოლა არ არის, ეს არის დისციპლინირებული, მტკიცე სვლა ჩვენი დემოკრატიული მომავლისკენ. ადგილობრივი და საერთაშორისო ურყევი მხარდაჭერით, საქართველო თავის დემოკრატიულ უფლებებს აღიდგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოქვეყნებულ განცხადებაში ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშია განხილული. ALDE ევროკავშირს მოუწოდებს, არ ცნოს არჩევნების შედეგები და საქართველოს ხელისუფლებასთან ფორმალური კომუნიკაცია შეაჩეროს.
"მიუხედავად [ოპოზიციის] მცდელობებისა, მოქმედმა რეჟიმმა არჩევნები გააყალბა. ოპოზიციის ევროპული გეზი კი კრიტიკულ გზაჯვარედინზე დგას და საერთაშორისო საზოგადოებისგან გადამწყვეტ ქმედებას საჭიროებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, არ აღიაროს გაყალბებული არჩევნების შედეგები და შეაჩეროს ფორმალური კომუნიკაცია მოქმედი მთავრობის წევრებთან იქამდე, ვიდრე სანდო, თავისუფალი არჩევნები არ ჩატარდება.
დამატებით ევროკავშირმა პროდასავლური ოპოზიციური ჯგუფების მიმართ მხარდაჭერა უნდა გაზარდოს. EU-ს მიერ სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისა და სხვა მაღალჩინოსნებისთვის, რომლებიც არჩევნების გაყალბებასა და არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის დაფინანსებების შეჩერებაში მონაწილეობდნენ, საჭირო ნაბიჯებია", - ნათქვამია განცხადებაში.
ALDE ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ბლოკში გაწევრიანების პროცესი, რომელიც ოფიციალურად 2024 წლის ივნისიდან შეჩერდა, მხოლოდ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ აღადგინონ:
"EU უნდა დარწმუნდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრძელება მხოლოდ ნამდვილად დემოკრატიულ არჩევნებს მოჰყვება", - ნათქვამია ALDE-ს განცხადებაში.
ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ, 27 ივნისს, ევროკავშირის ლიდერები საქართველოს ბლოკში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. 28 ნოემბერს კი "ქართული ოცნების" მთავრობამ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს 2028 წლამდე აჩერებს.