ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოზე მიიღეს.
ჟურნალისტებმა ელჩს აშშ-ის მიერ „ღირსეული პარტნიორის“ სწავლების გადადებაზე ჰკითხეს, რაზეც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა მან ისაუბრა თავდაცვის სფეროში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება და ეს თანხები მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდება. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოში მთავრობის მიმართ 10-ჯერ აჭარბებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღებულს.
„სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა ასევე გადაწყვიტეს გაეყინათ ფული, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად იყო გამოყოფილი. ამ მომენტისთვის, ფული, რომლის გადარიცხვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, 30 მილიონი ევრო, გაყინულია. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, სხვა ნაბიჯებიც იქნება. ჩვენი პირდაპირი დახმარება საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და შევეცდებით, ეს პირდაპირი დახმარება გადავიტანოთ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ“, - თქვა ჰერჩინსკიმ.