საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. "ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს.
„დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება
ამ წინსვლას, რაც გვაქვს ჩვენ ეკონომიკის სფეროში, მნიშვნელოვანი სტიმული მისცა 2014 წელს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ შექმნამ, რომელმაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა. 2014-2025 წლებში სამთავრობო პროგრამებით 20 000-ზე მეტმა მეწარმემ ისარგებლა; განხორციელდა 8,5 მილიარდ ლარამდე ინვესტიცია და შეიქმნა დაახლოებით 90 000 სამუშაო ადგილი; მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 405 ათასიდან 544 ათასამდე გაიზარდა; პროდუქციის გამოშვებამ 14,8-დან 54 მილიარდს გადააჭარბა. საშუალო ზომის კომპანიებში შრომის ანაზღაურებამ 998-დან 2760 ლარამდე მოიმატა. ეს მაჩვენებელი მსხვილ კორპორაციებში დასაქმებულთა ანაზღაურების მაჩვენებელსაც აჭარბებს. მცირე და საშუალო საწარმოების ექსპორტის მოცულობა 1,3-დან 2,7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ამ მიღწევების შესანარჩუნებლად უფრო ფართო და გრძელვადიანი ხედვა გვჭირდება. ბიზნესის გაძლიერებასთან ერთად, საჭიროა სახელმწიფო მხარდაჭერის მასშტაბის გაფართოებაც. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა უწყებაში დაგროვილი ცოდნისა და ფინანსური რესურსების გაერთიანებით, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ცვლილება მხოლოდ სტრუქტურული გარდაქმნა არ არის. ჩვენი მიზანია, მეწარმეების ხელშეწყობა კიდევ უფრო კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდეს
კორპორაციას გაცილებით უფრო ფართო მანდატი ექნება. ის არსებულ წარმატებულ გამოცდილებას დაეფუძნება და სხვა მექანიზმებთან გაერთიანების გზით, თანამედროვე, მასშტაბურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება. კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები. კორპორაცია ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით. საბოლოოდ, მთავრობას ექნება კიდევ უფრო მოქნილი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე. მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს. მადლობას ვუხდი ეკონომიკის მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს და ყველას, ვისაც კორპორაციის შექმნის იდეა ეკუთვნის და ამ იდეის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა თითოეულ თქვენგანს, გილოცავთ კორპორაციის შექმნას და კორპორაციას ვუსურვებ წარმატებებს!“ - აღნიშნა პრემიერმა.























