ჩვენი პროექტი „ქალის ძალა, ქალის მომავალი“ არამხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც გავრცელდება, - ამის შესახებ ორგანიზაცია “ქალები მომავლისთვის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ გადაცემა “ქალების ნარატივში” სტუმრობისას განაცხადა და რეგიონში ქალების გაძლიერების შესახებ ახალი პროექტის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.
კერძოდ, საუბარია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ორგანიზაცია "ქეა კავკასიას” მიერ დაწყებულ პროექტზე, რომლის პარტნიორსაც სწორედ ორგანიზაცია “ქალები მომავლისთვის” წარმოადგენს. პროექტის ბიუჯეტი 3 მლნ დოლარია.
“ეს ძალიან საინტერესო პროექტია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განსაკუთრებით, ჩვენი ტიპის ქვეყნებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩავერთეთ ზუსტად იმ კონცეფციითა და პრინციპით, რაც ბიზნესფედერაციას აქვს - სწავლება, განვითარება, ქალების ხელშეწყობა, მენტორინგი, ბიზნესების შეფასება," - ამბობს ნინა კობახიძე.
პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ქალების ეკონომიკური გაძლიერება და თეორიულ და პრაქტიკულ დონეზე მათი ცოდნის და უნარების განვითარება. საქართველოში პროექტი კახეთის და ქართლის რეგიონზე იქნება გათვლილი.
“სოციალური უთანასწორობა მაინც რჩება დიდი, მთავარი ნიშა, რომ ქალები, როგორც ქვეყნის რესურსი გამოვიყვანოთ და ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში, სწორედ ამაში დაგვეხმარება ეს პროექტი,” - განაცხადა ნინა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რისი მიხედვით შეირჩა ეს კონკრეტული რეგიონები, კობახიძე პასუხობს, რომ სხვადასხვა ტიპის კვლევაზე დაყრდნობით შეირჩა. “აქცენტი კახეთსა და ქართლზე კეთდება, რადგან ესენი შრომისუნარიანი და აქტიური რეგიონებია, სადაც სოფლის მეურნეობის და აგროტურიზმის მიმართულება ეფექტიანი იქნება”, - ამბობს კობახიძე.