მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთი 8% იქნება, ზრდის სცენარს არ განვიხილავთ - ნადარაია

ოთარ ნადარაია

"თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია ამბობს, რომ მათი მოლოდინით ეროვნული ბანკი წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-ზე შეინარჩუნებს. როგორც ნადარაიამ "საქმიან დილაში" თქვა, 2026 წელს განაკვეთის ზრდის მოლოდინი არ აქვთ.

რაც შეეხება ინფლაციას, "თიბისი ჯგუფის" მთავარი ეკონომისტი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე მსოფლიოში ნავთობზე ფასი როდის შემცირდება.

„ინფლაციასთან დაკავშირებით ეფექტი უფრო მაღალი იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ როგორც ტარიფებს, ისე ნავთობის ფასის საერთო დინამიკას. მთავარი კითხვაა რამდენად გაიზრდება ინფლაცია? ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დასტაბილურდება ნავთობის ფასი. საერთაშორისო ბაზრებზე პროგნოზები ყოველდღიურად იცვლება სხვადასხვა განცხადების კვალდაკვალ.

თავდაპირველად საერთაშორისო ანალიტიკოსების განწყობა ასეთი იყო კონფლიქტი დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდებოდა. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ ნავთობის ფასის პროგნოზი მეორე და განსაკუთრებით მესამე კვარტალში მკვეთრად მცირდებოდა. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ვითარება შეიცვალა. არსებობს რისკი, რომ კონფლიქტი კიდევ უფრო ფართოდ გავრცელდეს.

ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, თუმცა დღევანდელი მოცემულობით, ნავთობის ფასი 10-15%-ითაც რომ შემცირდეს, ინფლაცია მაინც 5%-ზე მაღალი იქნება. ამას ემატება წლის ბოლოს ტარიფების საკითხიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სცენარში ინფლაციის შემცირება აღარ იგეგმება.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, აქ სიახლე ის არის, რომ, მაგალითად, აშშ-შიც კი, სადაც განაკვეთის შემცირებას ელოდნენ, მოლოდინები შეიცვალა. დღეს ბევრი ანალიტიკოსი პირიქით, ზრდაზე საუბრობს. ჩვენი საბაზისო პროგნოზით, წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი, ალბათ 8%-ის ფარგლებში იქნება. ამ ეტაპზე განაკვეთის ზრდის სცენარს, როგორც ძირითად ვარიანტს, არ განვიხილავთ", - აცხადებს ნადარაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები