მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი პროგნოზით, წელს ინფლაცია 3.7%, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8% იქნება - ქავთარაძე

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ მათი პროგნოზით, წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეიცვლება და 8%-ზე დარჩება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ბოლო სხდომაზე, 7 მაისს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვეს. განაკვეთი ბოლოს სებ-მა 2024 წლის მაისში 0.25 პროცენტული პუნქით 8%-მდე შეამცირა.

"უცვლელად დატოვების ახსნა არის ის, რომ მიმდინარე ინფლაცია 3%-ს აღემატება. 3.4% იყო აპრილში, ხოლო 3.5% - მარტში. ანუ გარკვეული პერიოდის შემდგომ ინფლაციამ მიზნობრივ დონეს გადააჭარბა. აქ მოქმედებს ინფლაციაზე ზეწოლის ფაქტორები, ასევე პირიქით ფაქტორები. ინფლაციაზე მოქმედი ფაქტორებიდან აღსანიშნავია მოთხოვნა- მიწოდების. მოთხოვნიდან ადგილობრივი ინფლაცია მიუხედავად იმისა, რომ ის ერთჯერადი ფაქტორია, არის პურის ფასი, რომელიც ერთჯერადად გაძვირდა და მისი კონტრიბუცია 0.5 პროცენტული პუნქტი იყო, თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს მეორე ერთჯერად ფაქტორი, რაც არის ინტერნეტის გადასახადი, რომლის უარყოფითი კონტრიბუცია 0.4 პროცენტული პუნქტია. ფაქტობრივად ეს ორი ერთჯერადი ფაქტორი ერთმანეთს ანეიტრალებს. მიმდინარე წელს ეს უარყოფითი ერთჯერადი ფაქტორი ივლისის თვიდან დაიწყებს ნელ-ნელა შემცირებას და აგვისტოდან უკვე მთლიანად გაქრება. ანუ ის 0.4 პროცენტული პუნქტი, რაც ინფლაციას აკლდებოდა ვეღარ დააკლდება.

რაც შეეხება მიწოდების ფაქტორებს, აქ აღსანიშნავია საერთაშორისო ბაზრებზე გასული წლის ნოემბრიდან მოყოლებული სურსათის ფასების ზრდა. მოსალოდნელია, რომ ეს ასე დარჩება შემდეგ თვეებშიც. ეს ნიშნავს, რომ მიწოდების მხრიდან ეს ზეწოლა გვაქვს, თუმცა ამავდროულად ამის განეიტრალება ხდება ნავთობის ფასებით. ამას ემატება ისიც რომ გლობალურად დოლარი დასუსტებულია. ამას მოჰყვა ის, რომ ლარის კურსი სხვა ფაქტორებთან ერთად კიდევ უფრო გამყარდა. ეს დონე როგორც ნავთობის ისე სურსათის ფასებს დამატებით ანელებს, რაც ნიშნავს, რომ ინფლაციაზე წნეხი მცირდება. ასეთი მოცემულობა გვაქვს მიმდინარე პერიოდში", - ამბობს ქავთარაძე და ამატებს, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის ფასმა მცირედით მოიმატა და გამორიცხული არ არის ზრდა გაგრძელდეს.

"თუ ეს რეალიზდება მაშინ დამატებითი წნეხი იქნება ინფლაციაზე. აქედან გამომდინარე, ამის ადეკვატური პასუხი იქნება ის რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა [უცვლელად] შეინარჩუნოს მიმდინარე წელს. მთლიანობაში ჩვენი პროგნოზია, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია იქნება 3.7%, ხოლო მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%.

მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე შეიძლება ვისაუბროთ ძალიან ოპტიმისტურ სცენარში. მაგალითად მაშინ თუ დოლარი მთელი წლის განმავლობაში დასუსტებული დარჩება და ამ დასუსტების ფონზე ლარი მყარი იქნება, ასევე ნავთობის ფასიც ახლანდელ დონეზე შენარჩუნდება. არის რისკები რაც ინფლაციას აწვება, თუმცა ისინი ამ ფაქტორებით განეიტრალებული იქნება. ამ ვითარებაში შესაძლოა მინიმალურად იქნეს განაკვეთი შემცირებული, დაახლოებით 0.25 პროცენტული პუნქტუთ", - ამბობს ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები