მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა ქავთარაძე: ხელფასებიდან ინფლაციაზე წნეხს არ ველით

გალტი

Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ 2023 წელს ხელფასებიდან ფასებზე მცირედი ზეწოლა იყო, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ადგილობრივი ინფლაცია ისე სწრაფად ვერ შემცირდა, როგორც მაგალითად იმპორტირებული.

როგორც ლაშა ქავთარაძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, მიმდინარე წელს ინფლაციაზე მსგავსი წნეხი მოსალოდნელი არაა.

„2022 წლიდან მოყოლებული ხელფასების ზრდის ტემპი ორნიშნაა. იყო საუბრები იმაზეც, რომ ასეთი ზრდის ტემპი ხომ არ გადადის ინფლაციაში. აქ საინტერესოა შევხედოთ ერთი დასაქმებულის მიერ გამოშვებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობას. თუ სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდის ტემპი ინფლაციით კორექტირებულ ხელფასების ზრდის ტემპს აღემატება, მაშინ დასკვნაა, რომ წნეხი არაა. 2022 წელს პროდუქტიულობისა და ხელფასების ზრდის ტემპები ფაქტობრივად ახლოს იყო. 2023 წელს, განსაკუთრებით მეორე კვარტალში, ხელფასის ზრდის ტემპი უკვე ბერვად აღემატებოდა პროდუქტიულობას. თუმცა აქ აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ხელფასების ზრდის ინერცია გაგრძელდა, თუმცა მეორე კვარტლიდან ინფლაცია სწრაფად წამოვიდა ქვემოთ. ამის გამო რეალური ხელფასის ზრდის ტემპი ბევრად მაღალი იყო და მასში ფაქტობრივად ინფლაციის კომპონენტზე მოდიოდა 9-10 პროცენტული პუნქტი. ამის გამო იყო დიდი სხვაობა რეალურ ხელფასებსა და პროდუქტიულობას შორის. თუმცა მთლიანობაში რისკი არა ყოფილა და ეს მონეტარული პოლიტიკის შერბილებას ხელს არ უშლიდა. მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია საშუალოდ 3%-ის ფარგლებში იქნება, ნომინალური ხელფასების ზრდის ტემპი ასევე ნორმალიზებისკენ წამოვა, ამ კუთხით ველით, რომ დაახლოვდება და ინფლაციაზე წნეხი არ იქნება“,- აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვისას.

2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3%-ით, 2 044.5 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები