ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ამის შესახებ მან ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
„თითოეული თქვენგანის როლი საქართველოს ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში განსაკუთრებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმართება ამბასადორიალი წლევანდელ წელს, გრძელდება ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ შევაჯამოთ ქართული დიპლომატიის მიერ გაწეული საქმიანობა, მიღწევები და განვიხილოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები.
ჩვენი ქვეყანა თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ცხადია, ამ პროცესში საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ გზაზე თითოეული დიპლომატის როლი არის განსაკუთრებული.
საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას. დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. წელს აქტიურად წარიმართა არაღიარების პოლიტიკა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენს საელჩოებს.
მთელი ამ 12 წლის განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკა ხორციელდება პრინციპულად, წარმატებით და თითოეულ შესაბამის ელჩს ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ", განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაა, რაც ხშირად კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან სპეკულაციებისთვის გამოიყენება, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.
„ამის გამოხატულება იყო შარშან, დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაშიც ჩვენი დიპლომატების როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ყველა ვალდებულების შესრულებას. როგორც უკვე აღნიშნა, დღესაც ვაგრძელებთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი გვექნება შესრულებული. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA), აქაც ვგეგმავთ, 4 წელიწადში შევასრულოთ ვალდებულებების 90 %-ზე მეტი, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად.
ჩვენ, ფართო რეგიონში, ვართ ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და ამ დამსახურებასაც სჭირდება შესაბამისი დაფასება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით. საქართველო არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში არის ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების თვალსაზრისით და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეისათვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შესრულებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით. 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემპრემიერმა.