საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ძალიან საქმიან, მეგობრულ გარემოში გაიმართა. მან ამის შესახებ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოს მიმართ ძალიან მეგობრული განწყობაა.
"გვქონდა სხვადასხვა თემაზე საუბარი, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებთან, ჩვენს მისწრაფებებთან საგარეო პოლიტიკის კუთხით, ევროკავშირთან, მათ შორის, რაც დაკავშირებულია ნატოში ინტეგრაციის პროცესთან. ყველა თემას შევეხეთ.
იყო საუბარი ასევე უსაფრთხოებაზე ჩვენს რეგიონში, გლობალურად, ევროპის კონტინეტზე და ა.შ. ყველა თემასთან დაკავშირებით იყო ძალიან საქმიანი, ძალიან საინტერესო საუბარი. ძალიან მეგობრული განწყობა არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება პარტნიორობა საქართველოსა და ნატოს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საბოლოოდ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ წელსვე გადავიდეთ ახალ ეტაპზე, ეს არის უკვე მოლაპარაკებების გახსნა.
„ეს ორი დღე გვაძლევს ოპტიმიზმის განსაკუთრებულ საფუძველს გამომდინარე იქიდან, რომ დაფიქსირდა ძალიან მეგობრული განწყობა ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის ლიდერების მხრიდან. შესაბამისად, გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ შემდეგი საფეხური უკვე რეალიზებული იქნება ამ წლის ბოლომდე“, - განაცხადა პრემიერმა.