მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა კორუფციის სერიოზული წყარო იყო - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირდაპირი მიყიდვის წესით სახელმწიფო ქონების გადაცემის პრაქტიკა კორუფციისთვის მნიშვნელოვან რისკს ქმნიდა, სწორედ ამიტომ მისი გადაწყვეტილებით ერთ წელზე მეტია რაც სახელმწიფო უძრავ ქონებას პირდაპირი მიყიდვის წესით აღარ გასცემს.

„რაც შეეხება მეწარმეობისა და ინვესტიციების მიმართულებას, პირველ რიგში, შევეხები პრივატიზაციის პრაქტიკას. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ეკონომიკის სამინისტროსთან და მთლიანად აღვკვეთეთ პირდაპირი მიყიდვის წესით ქონების გადაცემის პრაქტიკა, გარდა მცირე გამონაკლისისა, რასაც აქვს, ბუნებრივია, თავისი დასაბუთება“, - განაცხადა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერის შეფასებით, პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა კორუფციისთვის „ძალიან სერიოზული წყარო“ იყო. მისი თქმით, აღნიშნული პრაქტიკის აღკვეთის გადაწყვეტილება სწორედ ამ რისკების შემცირებას უკავშირდება.

კობახიძის განცხადებით, პრივატიზაციის გეგმა 2025 წელს გადაჭარბებით შესრულდა, ხოლო 2026 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, გეგმის შესრულებამ 24%-ით გადააჭარბა. მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელს პრივატიზაციიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 156 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი უკვე მიიღო.

„შედეგად, ჩვენ ვასრულებთ პრივატიზაციის გეგმას სათანადოდ. 2025 წელს გადაჭარბებით შესრულდა ეს გეგმა და მიმდინარე წელსაც 3 კვარტლის მონაცემებით გეგმა შესრულდა 24%-იანი გადაჭარბებით. მთლიანობაში უკვე პრივატიზაციიდან სახელმწიფომ მიმდინარე წელს მიიღო 156 მილიონ ლარზე მეტის შემოსავლები. აქაც კორუფციისთვის იყო ძალიან სერიოზული წყარო პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ამ პრაქტიკის მთლიანად აღკვეთის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობამ ქონების პირდაპირი მიყიდვის პრაქტიკა 2025 წლის ივნისში შეაჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები