მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი საზოგადოება ითხოვს, მართლმსაჯულების სისტემიდან კლანური წნეხი მოვხსნათ - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სამართლიანობა უმნიშვნელოვანესია და ქართველები ქუჩაში სწორედ სამართლიანობისთვის, ქვეყნისთვის გამოდიან და არა სოციალური მიზნის მისაღწევად.

მან USAID-ის "სამართლის უზენაესობის პროგრამის“ მხარდაჭერილი ექვსთვიანი სასწავლო პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა, რომ საზოგადოების მოთხოვნა მართლმსაჯულების სისტემიდან კლანური წნეხის მოხსნაა და "ქართული ქარტია“ სწორედ ამას ემსახურება.

"ჩვენი საზოგადოება ითხოვს, რომ მოვხსნათ ამ სისტემიდან ის კლანური წნეხი, რომელიც გასაქანს არ აძლევს და ამიტომ ვერ ამუშავდა ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა. ამას ემსახურება ის "ქართული ქარტია“, რომელიც ახლა შევქმენით. ქარტიის მთავარი ნაწილი სწორედ ძალიან დაჩქარებულ ვადებში მართლმსაჯულების სისტემის გამოსწორებაა",- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატის წარდგენაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მომუშავე ადამიანების ნდობისთვის მნიშვნელოვანია, მათ შესახებ ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.

"ამ თვეში მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი წარვადგინო, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც სწორედ მოდელირებულად იმ პროცესს ჩაატარებს, რომელიც ქარტიაშია გაწერილი და ჰქვია შემოწმება, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის იმ მოსამართლეების, ვინც ახლად შედის ამ სისტემაში და ვინც უკვე არის, რადგანაც ეს არის მოთხოვნა. ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე. გამჭვირვალობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული ვიყოთ, თუ ვინ არიან ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?! ამიტომ მე ვუერთდები გამჭვირვალობის თემას, ოღონდ იმ მიმართულებით და იქ, სადაც ნამდვილად გვჭირდება სრული გამჭვირვალობა. ამ ყველაფერში თქვენ ხართ ის ჯარისკაცები, რომლებიც ამ ქვეყანას ახალ ეტაპზე გადაიყვანენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მჯერა, რომ ჩვენ აქ არ გავჩერდებით, ჩვენ უკან არ წავალთ, ჩვენ წინ მივდივართ, თქვენ ხართ წინა ფრონტზე და მოგილოცავთ ყველას წინასწარ",- თქვა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შესარჩევ კონკურსში გიორგი ბურჯანაძე, დიმიტრი გაბუნია, მანუჩარ კაკოჩაშვილი, კახა წიქარიშვილი და თამარ ალფაიძე მონაწილეობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები