მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი სურვილი არ ყოფილა, იძულებული გავხდით”- კალაძე Метровагонмаш-ისგან ვაგონების შესყიდვაზე

63db7c723a12e
შოთა ტყეშელაშვილი
02.02.23 13:15
1502
თბილისის მერია მეტროსთვის 44 ახალ ვაგონს რუსული კომპანია Метровагонмаш-ისგან შეიძენს. კონტრაქტის ღირებულება 49 მილიონ ევროს შეადგენს და ის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტით ფინანსდება. ვაგონების მომწოდებლის შესარჩევი ტენდერიც სწორედ EBRD-მა ჩაატარა. კომპანია Метровагонмаш-ი უკრაინის სახელმწიფოს მიერ არის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანილი. თუმცა, ის არ ფიქსირდება აშშ-ის, EU-სა და ბრიტანეთის სანქციების სიაში.

გასაფორმებელი კონტრაქტის შესახებ დღეს განმარტება გააკეთა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მისი თქმით, თბილისის მერიის სურვილი არ ყოფილა ამ კომპანიასთან კონტრაქტის გაფორმება და რომ ისინი “იძულებული გახდნენ” ეს ხელშეკრულება დაედოთ. კალაძის თქმით, მერიის და EBRD-ის თანამშრომლები ამ საკითხზე არაერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

კახა კალაძე აცხადებს, რომ თუკი ამ მომწოდებელთან არ დაიდებოდა კონტრაქტი, მაშინ თბილისის მერიას ფინანსური სანქციები შეიძლება დაკისრებოდა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი Метровагонмаш-ი დასავლეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში აღმოჩნდება, მაშინ დედაქალაქის მთავრობა ფინანსური ზარალისგან სრულად დაზღვეული იქნება. კალაძის თქმით, მისთვის მთავარი საქართველოს ინტერესების დაცვაა.

ჩემთვის მთავარია ჩემი ქვეყანა და ჩემი ქვეყნის ინტერესები. ეს ტენდერი 2020 თუ 2021 წელს გამოცხადდა და 2021 წლის ნოემბერში გამოვლინდა აღნიშნული კომპანია, როგორც გამარჯვებული. ტენდერს არ ატარებდა დედაქალაქის მერია, მას ატარებდა ევროპული საფინანსო ორგანიზაცია EBRD და მათი სატენდერო წესებით ხდებოდა ეს ყველაფერი. გამოვლინდა ის კონკრეტული გამარჯვებული. ამის შემდეგ მოხდა ის უბედურება, რაც თებერვალში დაიწყო და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ, EBRD-თან ერთად ვმუშაობდით იმაზე, როგორ მოგვეხერხებინა და შეგვეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება, ანუ გამარჯვებულ კომპანიასთან არ გაგვეფორმებინა ხელშეკრულება. ვერანაირი რესურსი ვერ გამოინახა იმისთვის, რომ ჩვენ ან დაჯარიმების გარეშე გამოვსულიყავით აღნიშნული სიტუაციიდან, ან ფინანსური სანქციები არ შეგვქმნოდა. ჩვენ EBRD-თან ერთად, მათ ექსპერტებთან ერთად ჩვენი თანამშრომლების თანამონაწილეობით, ყველანაირი ფინანსური რისკი ავარიდეთ სახელმწიფოს, დედაქალაქს.

თუკი ისინი მოხვდებიან შემდგომში ფინანსურ სანქციებში, აქაც ჩვენ ყველანაირად ვართ დაზღვეული, საქართველოს არანაირი ხარჯი და ჯარიმა არ ექნება ამ მიმართულებით.

ჩვენი სურვილი არ ყოფილა, იძულებული გავხდით,”- განაცხადა თბილისის მერმა.

კომპანია "მეტროვაგონმაშის" მეწილეები, მილიარდერები ისკანდერ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი დიდი ბრიტანეთის მიერ არიან სანქცირებული:

Метровагонмаш-ის მფლობელია ლოკომოტივებისა და ვაგონების ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მწარმოებელი Трансмашхолдинг-ი. თავის მხრივ, Трансмашхолдинг-ის დამფუძნებლები და მეწილეები არიან რუსი მილიარდერები - ისკანდერ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი, რომლებიც ბრიტანეთის სანქციების ქვეშ არიან. Forbes-ის მონაცემებით, მახმუდოვის ქონება 6.5 მილიარდი დოლარია; ანდრეი ბოკარევის ქონება კი 2.5 მილიარდად არის შეფასებული.

ანდრეი ბოკარევის წინააღმდეგ სანქციები ბრიტანეთმა 2022 წლის 13 აპრილს დააწესა, რასაც მალევე Трансмашхолдинг-ის პრეზიდენტის პოსტიდან მისი გადადგომა მოჰყვა, ხოლო ისკანდერ მაჰმუდოვის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 26 სექტემბერს ამოქმედდა.

საჯაროა Метровагонмаш-ის ფინანსური ანგარიში, მისი მიხედვით, 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 53.8 მილიარდი რუბლი ($753 მილიონი დოლარი) იყო, ხოლო წმინდა მოგებამ 1.3 მილიარდი რუბლი ($18 მილიონი დოლარი) შეადგინა.

კომპანია Трансмашхолдинг-ი ამ კომპანიის საკონტროლო 74%-იან წილს ფლობს. 2021 წელს კომპანიის შემოსავალი 103 მილიარდი რუბლი (1.44 მილიარდი დოლარი), ხოლო წმინდა მოგება 1.4 მილიარდი რუბლი (90 მილიონი დოლარი) იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები