“ჩვენი სურვილია მარტის თამაში “დინამო არენაზე” გაიმართოს” - ასეთი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, სომხეთის წინააღმდეგ ჩასატარებელი თამაშის მასპინძელი სტადიონის შესახებ საუბრისას.
2024 წელს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" სულ 2 მატჩი გაიმართა ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ, ხოლო დანარჩენი სამი თამაშიდან ორს "მიხეილ მესხის", ხოლო ერთსაც ბათუმის "აჭარაბეთ არენამ" უმასპინძლა. ამის მიზეზი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაა, რომლის მიხედვითაც "დინამო არენა" არის "ამორტიზებული".
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილის და მთლიანად ფედერაციის სურვილია ერთა ლიგის პლეი აუტის მატჩი ქვეყნის უდიდეს სტადიონზე შედგეს, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სურვილის დადასტურება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
“პროცედურულად, როდესაც ნაკრებს თამაში აქვს უეფას მოთხოვნის შესაბასმისად რამდენიმე თვით ადრე იგზავნება ინფორმაცია თუ სად ჩავატარებთ საშინაო თამაშს. ჩვენი სურვილი ყოველთვის და ახლაც არის ვითამაშოთ ისეთ სტადიონზე, რომელიც ტევადობით უფრო დიდია, ასეთი კი არის „დინამო არენა“. ეს სურვილი ჩვენ ადრეც არაერთხელ დავადასტურეთ და ეს მუდამ ასე იქნება. უეფას მოთხოვნაში „დინამო არენა“ მივუთითეთ, რაც ადასტურებს ჩვენს მზაობას, რომ იქ ვითამაშოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თამაში იქ ჩატარდება. სტადიონის ადმინისტრაციას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ მისი გამართვა, რათა მარტის თამაშისთვის ვიქირაოთ მათგან მთლიანი მოცულობით და რაც მთავარია უსაფრთხოდ. ჩვენ დაველოდებით თუ რა სამუშაოები ჩატარდება და არსებული პრობლემები იმედია მალე აღმოიფხვრება, რაც მოგვცემს მარტში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელი თამაშის უსაფრთხოდ გამართვის შესაძლებლობას“ - განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა
აქვე გეტყვით, რომ ზემოთ მოყვანილი განცხადება კობიაშვილმა 10 დეკემბერს “Crystalbet ეროვნული ლიგის” დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილზე, 7 ქულით დაასრულა, პირველ ადგილზე 11 ქულით ჩეხეთის, ხოლო მეორეზე 8 ქულით უკრაინის ნაკრებები გავიდნენ. შედეგად ჩვენს ნაკრებს B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად 20 მარტს სომხეთში, ხოლო 23 მარტს თბილისში მოუწევს მატჩების ჩატარება.
მარტში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებს შორის თამაში შესაძლოა “დინამო არენაზე” გაიმართოს