„უამრავი საკითხი წარმოშვა ამ დოკუმენტმა, რომელიც სახარბიელო ვითარებაში არ აგდებს საქართველოს პოლიტიკოსებს, მაგრამ ძალიან ნოყიერ ნიადაგს გვაძლევს ჩვენ – მკვლევარებს“ – ასეთია „ჯეოქეისის“ დამფუძნებლის ვიქტორ ყიფიანის მოკლე შეფასება „ანალიტიკა“–სთან, 31 ივლისს, საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთისა და საქართველოს მხარეების მიერ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების შესახებ, რომელიც ორ ქვეყანაში შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას შეეხებოდა.
განცხადება ოთხი ნაწილისგან შედგება: პოლიტიკური განზომილება, ეკონომიკური განზომილება, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება და საერთაშორისო განზომილება.
„რადგან ჩვენ გავაკეთეთ ეს აღმოჩენა და ამას სარკაზმით არ ვამბობ, ეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ჩვენ ავამაღლეთ ჩვენი ურთიერთობების ხარისხი ჩინეთთან", – ეუბნება ვიქტორ ყიფიანი „ანალიტიკა“–ს – "რა თქმა უნდა, ეს დოკუმენტი იმსახურებს მასში გარკვევას“. მისივე თქმით, „ამ განცხადებაში არის რამდენიმე თეზა, რომელიც ჩვენთვის საყურადღებოა ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორის ჭრილში“.
გვჭირდებოდა თუ არა ამ რეგისტრში ამ ურთიერთობების აყვანა? რომ შევხედოთ საქართველო–ჩინეთის ურთიერთობები ეკონომიკურ დონეზე მშვენიერი ურთიერთობები იყო – თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, სხვადასხვა კუთხით თანამშრომლობა და ა.შ.
პირველი სამართლებრივი ურთიერთობიდან დაწყებული – დამოუკიდებლობის მოპოვებისა და ჩინეთის მხრიდან ამის აღიარების შემდეგ– არაერთი პოლიტიკური თუ სამართლებრივი დოკუმენტია ჩინეთთან გაფორმებული. სხვათა შორის, კონფერენციის ფარგლებშიც ეს გზა იქნა მიმოხილული ჩინელი ექსპერტების მიერ. სულ ბოლო დოკუმენტი, რომელიც დარჩა შეგნებით თუ შეუგნებლად ყურადღების მიღმა – ეს არის 2006 წელს გაფორმებული დეკლარაცია პარტნიორობის შესახებ და თანამშრომლობის შესახებ. პრაქტიკულად ეს ბადე სამართლებრივი და პოლიტიკური დოკუმენტებისა სრულად ყოვლისმომცველია.
თქვენ ახლა ახსენეთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომლის პოტენციალიც ბოლომდე ათვისებული არ გვაქვს. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლეგიტიმურია შეკითხვა, ღირდა თუ არა სტრატეგიულ ხარისხში ამ ურთიერთობების გადაყვანა და იქაც იმდენად სიტყვა – სტრატეგიული – არ არის მნიშვნელოვანი, რამდენადაც როგორ მოხდება ამ დოკუმენტის აღსრულება. საკითხები, რომლებიც ამ დოკუმენტში ფიგურირებს, შეგვიძლია დავყოთ სამ ჯგუფად: უმტკივნეულო ე.წ. სწორხაზოვანი დოკუმენტები; დოკუმენტები, რომლებიც აშკარა კითხვებს ბადებს, როგორ მოხდება მათი პრაქტიკაში რეალიზება და ისეთი დოკუმენტები, რომლებიც რაოდენ თანასწორუფლებიანიც უნდა იყვნენ მხარეები ხელმოწერისას, მასშტაბში განსხვავება მაინც თვალსაჩინოა. ამიტომ როგორ მოხდება მათი ინტერპრეტირება და როგორ მოხდება ამა თუ იმ დებულების ცხოვრებაში განხორციელება, როგორ მოხდება ამ დოკუმენტის გაცოცხლება – ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კითხვის ნიშნებს ბადებს. როგორ შევძლებთ ჩვენ ამ პოტენციური, ფარული თუ ირიბი რისკების მართვას – ამას უკვე პრაქტიკა გვიჩვენებს.
თავი ავიტკივეთ თუ არა?
ჩვენ ჩვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გავხადეთ.