"ჩვენი ვალია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა მომავალში ასეთი ტრაგედიები აღარ მოხდეს", - ამის შესახებ შოვის ტრაგედიიდან 2 წლისთავთან დაკავშირებით შოვში ვიზიტისას „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შვეიცარიულ კომპანიასთან დაწყებული მყინვარების შესწავლა მსგავსი რისკების პრევენციის საშუალებას იძლევა.
„მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცედენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან. ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი შესაბამისი რისკებს პრევენციის საშუალებას“, - განაცხადა კობახიძემ.
დღეს შოვის ტრაგედიიდან 2 წელი გავიდა. 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიური მოვლენის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 პირის ცხედარი აღმოჩენილი არ არის და დღემდე დაკარგულად მიიჩნევა. გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის; ასევე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.




























