მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ჩვენი წარმადობა 20-30%-ით გაიზრდება“ - „დიო“ წეროვანში ახალ საწარმოს ააშენებს

629f340ade6b1
ელენე გოგბერაშვილი
08.06.22 10:15
993
კომპანია „დიო“ წეროვანში ახალი საწარმოს აშენებას გეგმავს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ირმა დაუშვილი bm.ge-სთან აცხადებს, რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილია, თუმცა პროექტის განხორციელება ჯერ პანდემიამ, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომმა შეაფერხა. ის ფიქრობს, რომ პროექტის განახლება სექტემბრიდან მოხდება.

„დიოს“ გადაწყვეტილი აქვს, რომ ახალ ქარხანაში შუშის წარმოება განავითაროს, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს, წარმოება 20-30%-ით გაზარდოს.

„წეროვანში უკვე შეძენილი გვაქვს რამდენიმე ჰექტარი მიწა. გვინდა, ჩვენი ბიზნესი უფრო განვავითაროთ. პანდემიამ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ძალიან პოზიტიური სამომავლო გეგმები შეგვედგინა. პანდემიის შემდეგ თითქოს ამოვისუნთქეთ, მაგრამ ომი წამოგვეწია, ამიტომ ჯერჯერობით, პროექტი შეჩერებულია და ვფიქრობთ, სექტემბრიდან განვაახლებთ.

გვინდა, შუშის წარმოება განვავითაროთ, რაც ჩვენს წარმოებას მინიმუმ 20-30%-ით გაზრდის.

ჩვენს პროდუქციაში დიდი წილი მინას უჭირავს. მაღალი ხარისხის მინაპაკეტების დამზადებას სჭირდება მაღალი ტექნოლოგიები, ამიტომ ვფიქრობთ და გვინდა შემოვიტანოთ სრულიად ახალი დანადგარები და ამ მიმართულებით გავხდეთ ლიდერები,“ - აცხადებს დაუშვილი.

აღსანიშნია, რომ „დიო“ ბაზარზე 26 წელია ოპერირებს. კომპანია დღესდღეობით 80-ზე მეტი დასახელების (მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და ინდუსტრიულ) პროდუქტს აწარმოებს.

„დიო“ ამ ეტაპზე თბილისში საწარმოს და შოუ რუმს, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით 5 ფილიალს და სადილერო ქსელს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები